6 წელიწადში ენერგოგენერაციის გაორმაგება – რამდენად რეალურია მთავრობის ეს გეგმა?

საქართველოს კიდევ ერთი ჰესი შეემატა. ხობი 2 ჰესი” ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევიდა. მართალია, ამ კუთხით მთავრობას მოსახლოების მხარდაჭერა ნაკლებად აქვს, მაგრამ 2030 წლისათვის საკმაოდ ამბიციური გეგმაა შემუშავებული, რაც 10 ათასი მეგავატი დადგმული სიმძლავრის ექსპლუატაციაში შესვლას გულისხმობს. ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ მიზანი ძალიან რთულად მისაღწევია.
„ხობი 2 ჰესის” დადგმული სიმძლავრე 44.5 მეგავატია, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 202 მილიონი კვტ/სთ-ია. აღნიშნული პროექტი შპს ქართული საინვესტიციო ჯგუფი „ენერგიამ“ განახორციელა.
“ამ პროექტზე ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 63 მლნ დოლარს, 300 ადამიანი იყო დასაქმებული მშენებლობაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. 2015 წლიდან დაიწყო მშენებლობა და ჰესი დღეს შევიდა ექსპლუატაციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მ და ასევე 2030 წლისათვის განსახორციელებელ გეგმაზე ისაუბრა.
“გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და მას თან უნდა სდევდეს ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, ახლა 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში, ანუ 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები.
ასევე გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის მიაღწიოს 10 000 მგვტ-ს. გვინდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ მთვარობის გეგმა მართლაც საკმაოდ ამბიციურია. მისი განხორციელება კი შესაძლებელია, თუმცა ძალიან ძნელად მისაღწევია 6 წელიწადში მსგავსი შედეგის დადება.
როგორც ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ განაცხადა, თუ ენერგეტიკაში მხარდაჭერა არ გაძლიერდება და მოსახლეობა ისევ მოინდომებს მიტინგების მოწყობას, მაშინ, არაფერი არ გამოვა.
“რა თქმა უნდა, ამ გეგმის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია, რადგან საკმაოდ დიდი ციფრია და ჯამში იკრიბება ობიექტების მიხედვით, თუმცა მათი მდგომარეობა ისეთია, რომ მზადყოფნისა და მისი პერსპექტიულობის თვალსაზრისით მრავალი კითხვის ნიშანია. მაგალითად, აღდგეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა, დასრულდეს დაწყებული ჰესების რეაბილიტაცია, მოხდეს ახალი ობიექტების გამოვლენა, შესწავლა და მისი განხორციელება. თუ ეს მუშაობა წარიმართება მხარდაჭერითა და პროფესიონალიზმით, მაშინ, რა თქმა უნდა, მთავრობის გეგმა განხორციელდება. დრო ბევრი არ არის, მაგრამ 4-5 წელიწადში შესაძლებელი იქნება სერიოზული ცვლილება.
სირთულეები მდგომარეობს შემდეგში – რეაბილიტაცია-მშენებლობის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ენგურთან, ხუდონთან, ნენსკრასთან, ნამოხვანთან და ა.შ. ისეთ კონდიციამდე არ არის მიყვანილი, რომ შეიძლებოდეს პროექტის იმ სახით განხორციელება, რა სახითაც იყო შემოთავაზებული.
სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა საუკეთესო ვარიანტის შერჩევისათვის და პერსპექტივაში ყველაზე უფრო მისაღების არჩევა უნდა მოხდეს. თუ ენერგეტიკაში მხარდაჭერა არ გაძლიერდება და მოსახლეობა ისევ მოინდომებს მიტინგების მოწყობას, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, მაშინ, არაფერი გამოვა. არ შეიძლება ამის გაკეთება. ისევე, როგორც ფეხბურთში არ შეიძლება, ყველა მაყურებელი მწვრთნელზე უფრო კვალიფიციური რომ არის. ასეა ენერგეტიკაშიც, ყველა მომხმარებელმა უკეთ იცის, ვიდრე პროფესიონალმა. ეს მიდგომა დაუშვებელია. ამისათვის კი ენერგეტიკისადმი მხარდაჭერის გაძლიერებაა საჭირო”, – განაცხადა ანზორ ჭითანავამ.
საქართველომ ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის გამომუშავება გაზარდა. ქვეყნამ იმდენი დენი გამიმუშავა, რომ ექსპორტზე აქტიურად გავიდა და ამ მხრივ შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო.
2023 წელი საქართველოს ენერგეტიკისთვის რეკორდული აღმოჩნდა, თუმცა ასეთი პერიოდი არც ისე ხშირია ხოლმე. შარშან საქართველოდან უცხოეთში 103 მილიონი დოლარის ღირებულების 1.47 მილიარდი კვტ/საათის მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე და ეს 2010 წლის შემდეგ რაოდენობრივად ყველაზე დიდი მოცულობაა, შემოსავლის მხრივ კი ყველა წლის რეკორდს წარმოადგენს.
ელექტროენერგიის გენერაციის რესურსი ქვეყანას ნამდვილად გააჩნია და როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძე აღნიშნა, შესაძლებელია ისე დაბალანსდეს ენერგიის მოხმარება, რომ იგი გამომუშავებასთან თანაფარდობაში იყოს.
“2023 წელს გამომუშავება მოხმარებაზე მეტი იყო, თუმცა აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი რამ – სა და სამაჩაბლოს მოხმარება უნდა ამოვიღოთ დანარჩენი საქართველოს მოხმარებიდან. ამ ვარიანტს თუ ავიღებთ, წლიურ ჭრილში ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცულია – ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, მაგრამ იმპორტის ციფრი კატასტროფული არ არის. სხვა საკითხია თვეების მიხედვით სტატისტიკა.
2030 წლისთვის თვეების მიხედვითაც შესაძლებელი უნდა გახდეს ელექტროენერგიის მოხმარების ბალანსი, რომ გამომუშავებასთან თანაფართობაში იყოს და უკეთეს შემთხვევაში მეტი გამოვიმუშავოთ და მეტი გავყიდოთ.
2030 წლისათვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, არა მხოლოდ ახალი სიმძლავრეების შეყვანა და გამომუშავება, არამედ სხვა საკითხების მოგვარებაც. დაახლოებითი გეგმა ასეთია, რომ 2030 წლისათვის დაახლოებით 1 200 მეგავატადე განახლებადი ენერგიის წყაროები უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. აქ არის მოდინებაზე მომუშავე ელექტროსადგურები და ა.შ. რაც შეეხება 10 000 მეგავატს, არ ვიცი რისი ჯამია ეს ციფრი, მაგრამ ის, რომ დაგეგმილია ჩვენი სიმძრავლეების გაორმაგება, ეს ჩემთვის ცნობილია და ახალი არ არის”, – განუცხადა გია არაბიძემ.
წყარო: რეზონანსი