6 მძევლის ცხედრის პოვნის შემდეგ, ისრაელში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა

ისრაელის ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები თელ-ავივის, იერუსალიმის და სხვა ქალაქების ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ქვეყნის ჯარმა ღაზაში 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი იპოვა.
მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას ადანაშაულებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო, რათა მძევლები ცოცხლები გაეთავისუფლებინათ და მეტი გაეკეთებინათ ღაზაში დარჩენილი, დაახლოებით, 100 მძევლის გასათავისუფლებლად. მათ დაახლოებით მესამედს უკვე გარდაცვლილად მიიჩნევს.
იერუსალიმში დემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს და პრემიერის რეზიდენციის გარეთ გამართეს აქცია. ისრაელის მედიის ცნობით, ქუჩებში 500 000-მდე ადამიანი იყო გამოსული. დრონებით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თელ-ავივის ცენტრალური გზატკეცილი დემონსტრანტებითაა სავსე, რომლებსაც მოკლული მძევლების ფოტოები და დროშები უჭირავთ.
ისრაელის მედიაშივე გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, ვინც გზა გადაკეტა. ადგილობრივი მედია ამბობს, რომ 29 ადამიანია დაკავებული. პროფკავშირების ლიდერები დასაქმებულებს, ორშაბათს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა 6 მძევლის ცხედარი ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში, ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინა. ღაზის სექტორში, პარალელურად, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ცხედრებზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ თქვა, რომ ისინი “ჰამასის” წარმომადგენლებმა ახლო დისტანციიდან, რამდენიმე გასროლით მოკლეს. ეს კი მათ აღმოჩენამდე 48-72 საათით ადრე მოხდა.
პრემიერ ნეთანიაჰუს მთავრობა მზარდი კრიტიკის სამიზნეა, რადგან თითქმის 11-თვიანი ომის პირობებში ვერ მიაღწია იმას, რომ მძევლები გაეთავისუფლებინა. პრემიერი ამბობს, რომ “არ მოისვენებს”, სანამ პასუხისმგებელ პირებს არ დასჯიან. “ვინც მძევლებს ხოცავს – მას შეთანხმება არ სურს”, – თქვა მ. “ჰამასის” წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მძევლების დახოცვის მიზეზი ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარის თქმაა.
“ისრაელელი ტყვეების მკვლელობაზე ნეთანიაჰუა პასუხისმგებელი. ისრაელელებმა ნეთანიაჰუსა და შეთანხმებას შორის არჩევანი უნდა გააკეთონ”, – თქვა “ჰამასის” მაღალჩინოსანმა სამი აბუ ზუჰრიმ, “როიტერთან” საუბარში. “ჰამასი” დასავლური სამყაროს დიდ ნაწილს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.
კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტიც, ისიც შეთანხმების მიღწევის მოწოდებებით გამოდის. ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრემიერი იაირ ლაპიდი კი მოქალაქეებს მოუწოდებს თალ-ავივში დემონსტრაციებს შეუერთდნენ.
ისრაელს “ჰამასის” მებრძოლები 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხნენ თავს და 1200-მდე ადამიანი მოკლეს, მეტწილად მშვიდობიანი მოსახლეობა. 250-მდე კი მძევლად წაიყვანეს. ისრაელმა პალესტინელებით დასახლებულ ღაზის სექტორში, “ჰამასის” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ჯანდაცვის უწყების ცნობით, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს, ისრაელის საომარ მოქმედებებს 40 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეტწილად ქალებისა და ბავშვების. იძულებით გადააადგილებული პირები კი მძიმე პირობებში, შიმშილის ზღვარზე ცხოვრობენ.
მოკლული მძევლების თაობაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ “განადგურებული და განრისხებულია” 23 წლის ისრაელელი ამერიკელის გოლდბერგ-პოლინის და სხვა მძევლების სიკვდილით: “ჰამასის” ლიდერები ამ დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. ჩვენ გავაგრძელებთ დღედაღამ მუშაობას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმება დარჩენილი მძევლების გათავისუფლების თაობაზე”, – თქვა პრეზიდენტმა. დელავერში ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში ჯო ბაიდენმა დასძინა, რომ კვლავ “იმედიანადაა” განწყობილი იმის თაობაზე, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”