“ისტორიაში უდიდესი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება და ვერც დროებითი ზავი და ვერც აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დასრულება ვერ მოგვცემს საშუალებას დავბრუნდეთ ომამდელ წარსულში, სადაც იაფი ნავთობი და გაზი მდინარესავით მოედინებოდა, ბიზნესი ვითარდებოდა, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები, ასე თუ ისე, იზრდებოდა,“ – ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტი წერს და იმ მიზეზებს მიმოიხილავს, რამაც შესაძლოა კრიზისული მოცემულობა მოგვცეს.
1. ნავთობის დეფიციტი მხოლოდ ახლა იწყება
სპარსეთის ყურიდან ნავთობით დატვირთული ტანკერი მყიდველამდე თვე-ნახევარში მიდის. ომი ზუსტად თვე-ნახევრის წინ დაიწყო. მსოფლიო მხოლოდ ახლა შეეჯახება ნავთობის ფიზიკური მიწოდების კრიზისს.
“აპრილი გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე მარტი. ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, დეფიციტი გაორმაგდება“, – განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა. მისი თქმით, ამის შედეგი იქნება ინფლაცია და ეკონომიკური ზრდის შენელება, ხოლო უარეს შემთხვევაში, ენერგორესურსების მოხმარების ნორმირება ბევრ ქვეყანაში.
რეალურად დეფიციტი 2026 წლის ბოლომდე იგრძნობა.
2. გაზის კრიზისი უფრო სერიოზულია, ვიდრე ნავთობის
ომამდე მსოფლიო ცდილობდა თხევად გაზზე (LNG) გადასვლას, რათა თავი დაეღწია მილსადენებზე დამოკიდებულებისგან, რომელიც რუსეთმა ევროპაზე ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია. ირანის ომმა გვაჩვენა, რამდენად სარისკო იყო ეს ფსონი.
ომამდე, სპარსეთის ყურეში ჩაკეტილ ყატარზე მსოფლიო თხევადი გაზის მიწოდების 21% მოდიოდა. მათი ჩანაცვლება აბსოლუტურად არაფრით შეიძლება. თხევადი გაზის მიწოდების სწრაფი აღდგენა ვერ მოხერხდება, რადგან ყატარიდან მისი გამოტანის ალტერნატიული საზღვაო გზები არ არსებობს.
3. არა მხოლოდ შეფერხებები, არამედ ნგრევაც
ერთი საკითხია სრუტის გახსნა ტანკერებისთვის, მეორე კი – წარმოების აღდგენა საბადოებსა და ქარხნებში, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში იბომბებოდა. IEA-ს მონაცემებით, ომის დროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობგაზის კომპლექსის 40-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა.
ყველაზე სერიოზული აღმოჩნდა ყატარის გაზის კომპლექსის ნგრევა რას-ლაფანში. ირანულმა რაკეტებმა მწყობრიდან გამოიყვანეს მსოფლიოს უდიდესი თხევადი გაზის ქარხნის სიმძლავრეების 17%. ასეთი აღჭურვილობა შეკვეთით დამზადებულია, ამიტომ მის შეკეთებას არა თვეები, არამედ 3-დან 5 წლამდე დასჭირდება.
ანალოგიური პრობლემებია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და ერაყში.
4. ფული არ არის
ომამდე რეგიონის ქვეყნები გეგმავდნენ წარმოების გაფართოებას. ახლა კი საუდის არაბეთი, საამიროები, ირანი და ყატარი იძულებულნი იქნებიან ფული დახარჯონ არა გაფართოებაზე, არამედ აღდგენასა და მომავალი თავდასხმებისგან დასაცავად გადაიარაღებაზე.
მომხმარებლებსაც მოუწევთ ხარჯების გაწევა: როგორც გაძვირებულ ენერგორესურსებზე, ისე ალტერნატიულ ენერგიაში ინვესტირებასა და მოსახლეობის სუბსიდირებაზე.
5. რეზერვები არ არის უსასრულო და მათი შევსებაა საჭირო
დეფიციტის შესამცირებლად დასავლეთის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული მარაგებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვის შესახებ. სწორედ ამიტომ არ გაიზარდა ფასები იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეიძლებოდა.
ინტერვენციები 4-5 თვეზეა გათვლილი, რის შემდეგაც მარაგების შევსება გახდება საჭირო. ეს პროცესი ნავთობის ფასებს მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნებს და გაახანგრძლივებს კრიზისს.
6. ომის განახლების საფრთხე
ახლო აღმოსავლეთის, როგორც ენერგიის საიმედო წყაროს იმიჯი მრავალი წლით შეილახა. ომი არ დასრულებულა და აშშ-ისა და ირანის ამჟამინდელი ულტიმატუმური პოზიციების პირობებში, კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ახალი ძალით აალდეს.
ეს აისახება დაზღვევისა და გადაზიდვების ფასებზე, რაც საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგორესურსების ფასში იქნება ასახული დიდი ხნით.
პრობლემა მხოლოდ ორმუზით არ შემოიფარგლება: ჰუსიტები კვლავ ემუქრებიან წითელ ზღვას და მსოფლიო ოკეანეში კიდევ ბევრი “ვიწრო ადგილია“, რომლებსაც დრონებით შეიარაღებული და ირანის მაგალითით შთაგონებული ჯგუფები შეიძლება დაესხან თავს.




