6 კოტეჯი და 60 ნომრიანი სასტუმრო – დიდი დიღმის თავზე ჭილის ტბასთან პროექტის განხორციელება ვადის გასვლის შემდეგ დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანის მიმდებარედ ჭილის ტბასთან 30 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2020 წელს „50 ქონება სასტუმროსთვის“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ შპს „ჭილი რეზორტს“ მიყიდა 312 000 ლარად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
პირობებში წერია, რომ მყიდველმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით არაუმეტეს 48 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე უნდა განახორციელოს სასტუმრო კომპლექსის შექმნა, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება.
პირადად ან მესამე პირის მეშვეობით „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 2 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება.
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში 75 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაციის გადახდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე. ასევე პირობებში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება;
2021 წლის 25 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა „ჭილი რეზორტის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების გეგმის კონცეფცია.
ამ ეტაპზე 48 თვიანი ვადა გასულია, სასტუმრო კომპლექსი არ შექმნილა, თუმცა რამდენიმე თვეა ადგილზე სამუშაოები დაიწყო.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების გეგმის კონცეფციის განმარტებით ბარათის მიხედვით:
საპროექტო ობიექტის ფუნქციური დანიშნულება – საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება დასასვენებელი კომპლექსის, კოტეჯების, სასტუმროს და მისი დამხმარე სივრცეების მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს ტურისტულად მიმზიდველი ჭილის ტბისა და მის მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განვითარებას და ვიზიტორთა კომფორტულ მიღების საშუალების შექმნას.
საპროექტო ობიექტი არის მონოფუნქციური, კერძოდ აუქციონის პირობებით განპირობებული ფუნქციით, არ არის ქალაქმაფორმირებელი ან სხვა რაიმე ურბანული ფუნქციის მატარებელი. საპროექტო არეალი სრულად ცვდება საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში (შზ-4). მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს მხოლოდ ლანდშაფტურ ზონას. საპროექტო გადაწყვეტით დაგეგმილია ტერიტორიის ძირითადი ნაწილის დატვირთვა სარეკრეაციო ზონით. საპროექტო ტერიტორიაზე საავტომობილო ინფრასტრუქტურა მინიმალურია და ძირითადი აქცენტი კეთდება საფეხმავლო მოძრაობაზე. ძირითადი საპროექტო გზა პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ შენობამდე მისასვლელად.
საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია უზრუნველყოფილია როგორც გარე ავტოსადგომით (15 ადგილი), ასევე დახურული ავტოსადგომითაც (24 ადგილი), მიწისქვეშა ავტოსადგომი სრულად იმეორებს რელიეფის ფორმას, რის გამოც ის ვიზუალურად არ აღიქმება როგორც შენობა.
ტერიტორიაზე მისასვლელი გზა არის გრუნტის და საჭიროებს ინფრასტრუქტურის განვითარებას და სატრანსპორტო ქსელის მოწყობას. მთავარი დამაკავშირებელი გზა ქალაქთან არის დიდგორის ქუჩა, რომელიც აღმაშენებლის ხეივნიდან უკავშირდება თელეთის დასახლებას და შემდგომ ჭილის ტბის მიმდებარე ტერიტორიას. პროექტით გათვალისწინებულია შიდა გადაადგილების სატრანსპორტო ქსელის მოწყობა. საპროექტო არეალს კვეთს სერვიტუტი, რომელიც პროექტირების დროს გათვალისწინებული იქნება, როგორც სამანქანო დამაკავშირებელი გზა.
ტერიტორიაზე აღინიშნება რამდენიმე ჰიდროგრაფიული ქსელი, წორწორას ხევი და მცირე მდინარეები, რომლებიც მტკვარს უერთდება.
სამშენებლო მოედანი მდებარეობს ზღვის დონიდან 1128-1146 ჰიპსომეტრიულ ნიშნულებს შორის და ნათქვამია, რომ რაიმე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარება, რომელიც ხელს შეუშლის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობას და ექსპლუატაციას. მოსალოდნელი არაა. ტერიტორია სადაც გათვალისწინებულია მშენებლობა, თავისუფალია ხე ნარგავებისგან. საპროექტო გადაწყვეტით არცერთი ხე ნარგავი არ იჭრება, თუმცა ზოგიერთი ნარგავი ღია ავტოსადგომის ტერიტორიაზე საჭიროებს გადარგვას.
პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე უნდა აშენდეს 6 კოტეჯი, რომლებიც დაგეგმარებულია სტუდიოს ტიპის ღია მისაღებით, სამი საძინებლით და მოზრდილი ტერასით, მთლიანობაში თითო კოტეჯის ფართობი შეადგენს ტერასების ჩათვლით 294 კვ.მ
მიწის დონის ნიშნულზე განთავსდება ბარ-რესტორანი, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი, ლობი, სამზარეულო და დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე განთავსდება სასტუმროს 60 ნომერი. შენობაში გათვალისწინებულია 3 კიბის უჯრედი. ასევე გათვალისწინებულია ორი ლიფტი. მესამე სართულზე განთავსდება საკონფერენციო დარბაზი და ტერასა. დასაგეგმარებელი ტერიტორიის საერთო ფართობია 7476 კვ.მ. დამსვენებლების საერთო 100, საგზაო ინფრასტრუქტურა პერფორირებული ფილებით 1454 კვ.მ, რეკრეაცია 22 523 კვ.მ.
არქიტექტურული პროექტის ავტორი კომპანია NEO-A.
რაც შეეხება კომპანია „ჭილი რეზორტს“.
შპს „ჭილი რეზორტი“ დაფუძნდა 2020 წელს. დირექტორი არის მიხეილ ბეგიაშვილი. კომპანიის წილები კი ასე ნაწილდება
შპს „მეი“ 35% (დირექტორი მიხეილ ბეგიაშვილი. 100% ლაშა ქევანიშვილი)
შპს „მბ ინვესტიციები“ 15% (დირექტორი მიხეილ ბეგიაშვილი. 100% მიხეილ ბეგიაშვილი)
შპს „ჭილი“ 50%. (დირექტორი მიხეილ ბეგიაშვილი. 100% მიხეილ ბეგიაშვილი)
მიხეილ ბეგიაშვილს 2012 წლიდან 2017 წლამდე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ შეწირული აქვს 93 800 ლარი.
რაც შეეხება მიხეილ ბეგიაშვილის ბიზნეს-კავშირებს.

მიხეილ ბეგიაშვილი ფინანსური დირექტორია სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებში, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდია. გარკვეული კომპანიების გავლით ის ასევე უკავშირდება ქართუ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს დავით გალუაშვილს, ასევე ბიზნესმენ ანდრეი კუზმას, ბიზნესმენ ზაზა ნიშნიანიძეს, პარლამენტარ ირაკლი ბერაიას, აეროპორტების გაერთიანების ყოფილ დირექტორთან გიორგი ჩოგოვაძეს, ბიზნესმენ დავით გიორგობიანთან და ა.შ.