2025 წლის პირველ ნახევარში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი წლიურად გაზრდილია.
პორტის მმართველი კომპანია “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მონაცემებით, 6 თვეში წელს 313 524 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 41 346 TEU-ით აღემატება. 2024 წელს ფოთის პორტში 272 178 TEU კონტეინერი გადამუშავდა.
2025 წლის 2025 წლის პირველ კვარტალში – 146 468 TEU, მეორე კვარტალში კი 167 056 TEU კონტეინერი დამუშავდა.
“ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2020-2025წწ), წლის პირველ ნახევარში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წელს დაფიქსირდა (313 524 TEU), ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა”, – ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 175 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში – 158.
რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 154 167 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 120 144 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მომატებულია: 2025 წლის პირველ ექვს თვეში 84 564 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 81 816 ტონა.
