6 თვეში “საქართველოს რკინიგზას” ტვირთბრუნვა 8%-ით შეუმცირდა

“საქართველოს რკინიგზას” ტვირთბრუნვა შეუმცირდა.
კომპანიის მმართველობითი ანგარიში ცხადყოფს, რომ 6 თვეში რკინიგზით 6.3 მილიონამდე ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა. წლიურ ჭრილში 9%-ით, 3.2 მლნ ტონამდე შემცირდა ტვირთის მოცულობა წლის მეორე კვარტალშიც.
წელს, იანვარ-ივნისში ტრანზიტული ტრანსპორტირების წილი გადაზიდული მთლიანი მოცულობის 59% შეადგენდა. კერძოდ, “საქართველოს რკინიგზა” წელს 3.7 მლნ ტონა ტრანზიტულ ტვირთს მოემსახურა, კლება კი 10.6%-ი იყო.
სარკინიგზო კომპანია მიუთითებს, რომ ტრანზიტულ ტვირთებში გადაზიდვის 11%-იანი შემცირება, ძირითადად, ყაზახეთიდან გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა. კლება 478.3 ათასი ტონა იყო.
14%-ით გაიზარდა იმპორტული ტვირთის მოცულობა, რამაც 1.6 მლნ ტონა შეადგინა. საექსპორტო ტვირთებში კი, 2.2%-იანი კლება იყო. სულ 6 თვეში რკინიგზით 0.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, აზოტოვანი სასუქი, მინერალური წყლები, ლითონის მადნები და კონცენტრანტები და ფეროშენადნობები – ეს იყო მთავარი საექსპორტო ტვირთი 2025 წლის პირველ ნახევარში.
ასევე 500 000 ტონა ტვირთის გადატანა მოხდა ქვეყნის შიგნით, რაც წლიურად 38%-ით შემცირებული მაჩვენებელია. საწვავი, კირქვა, მანგანეზი- ეს არის ის ტვირთი, რომლის შიდა ბაზარზე ტრანსპორტირებაც რკინიგზის მეშვეობით ხდება.