სტუდენტები, გიორგი ბარბაქაძე, არჩილ გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძე, რომელთაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა შსს, სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო. მათი პროცესები ერთმანეთის პარალელურად, დღეს შედგა და სხვადასხვა მოსამართლეებმა განიხილეს.
გიორგი ბარბაქაძე სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა შენიშვნით შემოიფარგლა. შსს მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მისმა დამკავებელმა პოლიციელებმა, ლევან ენუქიძემ და ალექს ქელდიშვილმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
2000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ ლუკა ხიზაძე. 2000 ლარით დააჯარიმეს არჩილ გოჩიტაშვილიც. გადაწყვეტილება მის შემთხვევაში ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. ზვიად ცეკვავას მსგავსად, ენუქიძეცა და ცაგარეიშვილიც სანქცირებულ მოსამართლეთა სიაში არიან.
„უფლებები არ განუმარტავთ, არ უთქვამთ, სად მივდიოდით, რა იყო დაკავების საფუძველი, ადვოკატთან არ დაგვარეკინეს. დავაკვირდი, რომ იყო ოქმის შედგენა რამდენიმე პირის მიერ განყოფილებაში. ზერელედ არის შედგენილი. რასაც გვედავებიან, ეგ არ ყოფილა, არ შევწინააღმდეგებივართ. გადავადგილდებოდი ჭავჭავაძეზე, რომ გაგვაჩერეს, გვითხრეს მაღაზიის ქურდები გვეგონეთო, ღამის 3 საათზე. ადგილის დატოვება არ გვიცდია, პოლიცია რომ დავინახეთ გამოველაპარაკეთ“, — თქვა ლუკა ხიზაძემ.
სტუდენტები 6 თებერვალს ღამის დაახლოებით 2-3 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. პოლიციელების მონათხრობის მიხედვით, მათ საეჭვოდ მიიჩნიეს ღამე, ქუჩაში მდგომი სამი ახალგაზრდა ბალაკლავებით და პრევენციის მიზნით, მათი შემოწმება გადაწყვიტეს. ისინი ამბობენ, რომ მიახლოებისთანავე ახალგაზრდები გაიქცნენ და არ დაემორჩილნენ მათ მოწოდებას, გაჩერებულიყვნენ.
დაკავებულები ამბობენ, რომ შავებში ჩაცმული ადამიანები ე.წ. ტიტუშკები ეგონათ და ამიტომაც გაიქცნენ. თუმცა როცა მიხვდნენ, რომ პოლიციელები იყვნენ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. როგორც ჰყვებიან, პოლიციელებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაკავების შემდეგ დააყოვნეს იქამდე, სანამ ვინმე გიორგიმ არ დაურეკა და არ მიუთითა, რომ ოქმი შეედგინათ. პოლიციის განყოფილებაში ისინი არასათანადოდ მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ. მათ შორის, გააშიშვლეს ბევრი ადამიანის თანდასწრებით და ე.წ. ბუქნების გაკეთება აიძულეს. ეს დაადასტურეს თავად მოწმე პოლიციელებმაც გიორგი ბარბაქაძის პროცესზე.
ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, ძალის გადამეტებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, რომელმაც იზოლატორში მოინახულა დაკავებული ბიჭები, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სავარაუდოდ, დაწყებულია გამოძიებაც.
