ექვს კომერციულ ბანკში ხაზინების მართვის ერთიანი პლატფორმა დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
სებ-ის თანახმად, ხაზინების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემის დანერგვაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ (GFMTA) და ექვსმა კომერციულმა ბანკმა: “საქართველოს ბანკი“, “თიბისი ბანკი”, “ლიბერთი ბანკი”, “ბაზისბანკი”, “ტერაბანკი” და “ბანკი ქართუ”.
მარეგულირებლის განმარტებით, აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ბანკების ხაზინების ეფექტიანობის ზრდას, საოპერაციო და ფინანსური რისკების უკეთ მართვასა და ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფინანსური ბაზრების მუშაობა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
“სისტემა მონაწილე ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ გამარტივებული პროცესებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღონ მეტად ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ უკეთ მართონ ფინანსური რისკები, მოახდინონ თავიანთი სავაჭრო საქმიანობის ოპტიმიზაცია და გაზარდონ საერთო ოპერაციული ეფექტურობა.
პლატფორმის დანერგვა გაზრდის ბაზრის მოცულობას, დერივატივების გარიგებებს და გააუმჯობესებს ფასწარმოქმნის პროცესს.
სისტემის შერჩევისას მხარეებმა შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და არსებული პრაქტიკა, რის შემდეგაც არჩევანი საუკეთესო სისტემა MUREX MX.3-ზე შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა დანერგილი აქვს 100 საერთაშორისო ბანკიდან 65-ს. მსოფლიოში პლატფორმას ყოველდღიურად 60 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
პროექტის მომდევნო ეტაპები მოიცავს სისტემის დანერგვისა და მომსახურების დეტალური პირობების შეთანხმებას, სისტემის მორგებას მონაწილე ბანკების საოპერაციო საჭიროებებთან, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება წინასწარი საპილოტე ტესტირება”,- აღნიშნავენ სებ-ში.
ირკვევა, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემის დასანერგად საჭირო ჰოსტინგის ინფრასტრუქტურას განავითარებს. თავის მხრივ, ხაზინების ასოციაცია უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით დაგეგმვას, ორგანიზებას და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას. არსებით ხარჯებს კი კომერციული ბანკები გასწევენ.
საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი, ლაშა ჯუღელი BMG-სთან ამბობს, რომ მსგავსი სისტემები საკმაოდ ძვირია, შესაბამისად, სწორედ ხარჯეფექტურობაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბანკები ერთიან სისტემას ნერგავენ.
მისივე თქმით, ეს სისტემა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება.
“სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს ყველაფერს, როგორც ვაჭრობას, ასევე რისკების ნაწილსაც, ანუ front-office-ის, middle-office-ის და back-office-ის საქმიანობას. ვაჭრობის და ამ ინსტრუმენტების განვითარების ახლანდელი საფეხური, რომელზეც ჩვენი სისტემაა ასული, მოითხოვს ასეთი სისტემების დანერგვას, რომ უკეთესი იყოს ლიკვიდობა, ვაჭრობის მოცულობები, სპრედები, რისკების მენეჯმენტი უფრო კარგად იქნეს უზრუნველყოფილი… მივყვებით საუკეთესო პრაქტიკას.
რა თქმა უნდა, ყველა ბანკს ცალ-ცალკე გარემოებები ექნებათ ამ ერთიან სისტემაში. ერთმანეთის მონაცემებს ვერ ხედავენ და არც უნდა ხედავდნენ. მარეგულირებლის სტანდარტებს შეესაბამება, განვითარებულ ქვეყნებში როგორაა, ისე იქნება აქაც”,- ამბობს ლაშა ჯუღელი.
მისი ინფორმაციით, პლატფორმა იძლევა სამომავლოდ სხვა ბანკების შეერთების შესაძლებლობასაც. რაც შეეხება ახალი სისტემის დანერგვის ვადებს, ლაშა ჯუღელი თქმით, საჭიროა დაახლოებით წელიწად-ნახევარი, ორი წელი.
“ძალიან კომპლექსურია და ამიტომ, თარიღის თქმა რთულია. ისიც ემატება, რომ მრავალი მომხმარებელი ჰყავს და მხოლოდ ერთ მომხმარებელთან არ ინერგება. ჩემი აზრით, შესაძლებელია, ორი წელიც გასტანოს”,- განაცხადა ლაშა ჯუღელმა.