2023 წლის ბოლოსთვის 5G ტექნოლოგიის მომხმარებელთა რაოდენობამ 1,5 მილიარდს გადააჭარბა, შედეგად, 5G-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე სწრაფად მზარდი მობილური ტექნოლოგიაა. ამის შესახებ აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებულ მიმოხილვაში, რომელიც ტელეკომუნიკაციების მსოფლიო ინდუსტრიას ეხება.
“მოსალოდნელია, რომ 5G-ის საწყისმა ხარჯებმა გადააჭარბოს 4G-ს, რაც მოიცავს როგორც ტექნიკის, ასევე მომსახურების ხარჯებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს ზრდა თანდათან შემცირდება ბაზრის მომწიფების და კონკურენციის გაძლიერების პარალელურად”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
“თიბისი კაპიტალის” მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სიხშირეების შეძენა შეიძლება ძალიან ძვირი იყოს, 5G სისტემებს აქვთ პოტენციალი გრძელვადიან პერსპექტივაში 90%-ზე მეტით შეამცირონ თითო გიგაბაიტის ღირებულება. “ეს შესაძლებლობა ეხმარება ოპერატორებს ქსელის ხარჯების მდგრად დონეზე შენარჩუნებაში”, – წერია “თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებულ ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიის მიმოხილვაში.