56 სართული 47-ს ნაცვლად – ნოშიკო ნამორაძემ საქართველოში უმაღლესი შენობის შეცვლილი პროექტი მერიასთან დაჩქარებული წესით შეათანხმა

ბიზნესმენი, „ქართული ოცნების“ უმსხვილესი შემწირველი ნოშრევან ნამორაძე ვაკეში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, 230 მეტრიან ცათამბჯენს აშენებს.
ბიზნესმენის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ის შენობა განთავსდება. კომპანიის ინფორმაციით, VR Vake Skyview საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
„პროექტს უდიდესი პოზიტიური ზეგავლენა ექნება დედაქალაქში ახალი სტანდარტის დამკვიდრებისა და საცხოვრებელი დონის გაუმჯობესების კუთხით.
VR VAKE SKYVIEW-ის პროექტი არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებიც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა.
ამ პროექტში განთავსდება VR VAKE SKYVIEW Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ“, – ნათქვამია კომპანიის პროექტის აღწერაში.
არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ნოშრევან ნამორაძემ, ცათამბჯენის შეცვლილი პროექტის მშენებლობის ნებართვა, გასული წლის ბოლოს დაჩქარებული წესით შეათანხმა.
„ტერიტორიის ჯამური ფართობია 18664 კვ.მ-ია. ეზოში გამწვანებული ტერიტორიების საერთო ფართობი იქნება მინიმუმ 5639.1 კვ.მ.
მოხდა პროექტის ცვლილება, რაც ითვალისწინებს:
– შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობა შედგებოდა 47 მიწისზედა სართულისგან, ცვლილების შემდგომ სართულების რაოდენობა შეადგენს 56 -ს;
– შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობის სიმაღლე 0.000 ნიშნულიდან იყო 180 მ, ცვლილების შემდგომ შენობის სიმაღლე 0.000 ნიშნულიდან შეადგენს 230 მ-ს;
– შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობის ტიპიურის სართულის სიმაღლე შეადგენდა 3.60 მ-ს, ცვლილების შემდგომ შენობის ტიპიური სართულის სიმაღლე 3,70 მ-ია;
-მიწის დონის ქვედა სართულები იყო 4 (ნიშნულებით :-3.500, -6,400. -9,300, -12.200 ) ცლილების შემდგომ სართულების რაოდენობა გაიზარდა 2 -ით ( ნიშნულებით : -5 სართული -15.100 და -6 სართული -18.000 ნიშნული);
– ავტოსადგომების რაოდენობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით იყო : 310 ცვლილების შედეგად, ორი სართულის დამატების შემდგომ პარკინგების რაოდენობა შეადგენს: 643“, – ნათქვამია შეცვლილი პროექტის განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, ტერიტორია შპს ვი არ ვაკე თაუერსმა 2022 წელს იყიდა. კომპანია 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.