5500 ლარიანი, 120 კილოიანი ტორტი და გრანდიოზული დღესასწაული ქუთაისის “თავზე” – ვისი დიზაინით დაიგეგმა ნინო შავგულიძის ქალიშვილის ნათლობის აღნიშვნა

ნათლობა, როგორც სულიერი შობის სიმბოლო, ნებისმიერი ადამიანისთვის ამაღელვებელი და სადღესასწაულო მომენტია, მიუხედავად იმისა, რომელ ასაკში ინათლება და ათვიცნობიერებს, თუ არა.
6 წლის ივლიტა კუხიანიძის ნათლობისადმი მიძღვნილი დღესასწაული უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელებში განხილვის საგანია – მხოლოდ ტორტი, დიზაინიდან და სიდიდიდან გამომდინარე, იმდენად რთული მოსამზადებელი იყო, რომ მასზე 5 ადამიანი მუშაობდა არაერთი დღის განმავლობაში.
ტორტი 120 კილოს იწონიდა და მისი მიტანა და განთავსება დარბაზში, მხოლოდ დაშლილ მდგომარეობაში მოახერხეს და ადგილზევე ააწყვეს. ტორტის ყველა დეტალი ხელით იყო შესრულებული და არც ერთი ნაწილი იყო ბუტაფორია. ტორტის ფასი 5 500 ლარია.
ნათლობა ქუთაისში შედგა, წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში. აღნიშვნაც ქუთაისში მოხდა, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ქუთაისის თავზე, რესტორან panomaric–ში, რომელიც შენობის მეათე სართულს მოიცავს და მთელ ქუთაისს ზემოდან გადაჰყურებს.
როგორ დაიგეგმა ნათლობის ასეთი გრანდიოზული აღნიშვნა, რა შეგრძნება ჰქონდა პატარა ივლიტას და რა ბედი ეწია 120 კილოიან ტორტს, “ალიასთან” ამ და სხვა თემებზე, ნინო შავგულიძე საუბრობს.
ნინო შავგულიძე:
– სამი შვილი მყავს, მოგეხსენებათ. იმ დროს, როცა გავიგე, რომ ივლიტა უნდა მოვლენოდა სამყაროს, ძალიან რთული, დეპრესიული პერიოდი მქონდა. მამა მყავდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ამ და იმ სამყაროს გზაზე იდგა პრაქტიკულად. მე მამას გოგო ვიყავი სულ და დღემდე ასე ვგრძნობ თავს, მისგან მაქვს ხასიათის ის სიმტკიცე, რამაც ცხოვრებაში, არაერთი დაბრკოლება გადამალახინა. შესაბამისად, ისე ვერ განვიცადე სიხარული, როგორც საჭირო იყო. მახსოვს, აღდგომის დღესასწაული დგებოდა რამდენიმე საათში. ცისკრის ლოცვაზე წასვლამდე, მიმეძინა ცოტა ხნით და სიზმარი ვნახე, ულამაზესი, ლოკონებიანი პატარა გოგონა მოვიდა, ყვავილები მომიტანა, გამოვართვი და უხმოდ შემაქცია ზურგი.
გავიღვიძე, თუ არა, წავედი ტაძარში, ჩემ სოფელში, წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიაა. მივედი და შენდობა ვთხოვე უფალს და ჯერ ისევ დაუბადებელ შვილს, პატიება ვითხოვე, რომ სათანადოდ ვერ მოვახერხე გამხარებოდა, პრობლემებიდან გამომდინარე. წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარში, იმ, აღდგომის ღამეს ვთქვი, რომ ვიცი, გოგონა გაჩნდება, ულამაზესი, ლოკონებიანი და ივლიტას დავარქმევდი. ასეც მოხდა. ისიც ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად მხოლოდ ქუთაისში და მხოლოდ ამ ტაძარში მოვნათლავდი.
– თუმცა, ნათლობა, დაბადებიდან 6 წლის შემდეგ შედგა, ხომ?
– კი, მინდოდა პატრიარქის ნათლული ყოფილიყო. მოგეხსენებათ, საპატრიარქოს თავისი წესები აქვს, რის მიხედვითაც დგინდება, ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქის ნათლული და ამ მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებდით. როცა, ორი თვის წინ, ივლიტამ, თავად შეარჩია ჯვარი და მთხოვა მეყიდა, შემდეგ კი, გაიკეთა და არც მოუხსნია მას შემდეგ (ნათლობის ცერემონიალის გარდა), მივხვდი, რომ გადადება აღარ შეიძლებოდა.
– ნათლიების არჩევა გაგიჭირდათ?
– ძალიან ბევრ ადამიანს სურდა ივლიტას ნათლია ყოფილიყო, თუმცა, მოგეხსენებათ, საპატრიარქოს წესების მიხედვით, ორი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს. ორივე საზღვარგარეთ ცხოვრობს, ორივეს ძალიან უყვარს პატარა ივლიტა და როცა საქართველოში ჩამოვლენ, მათაც გაგაცნობთ აუცილებლად.
– რადგან ჯვარი თავად შეარჩია და მოინდომა ტარება, ესე იგი, უნდოდა მონათვლა, ხომ?
–როცა ეკითხებოდნენ, იყო, თუ არა, მონათლული, პასუხობდა, არა, ჯერ არ ვარ მონათლული, მაგრამ მე ქრისტიანი ვარ. ძალიან უყვარდა და უყვარს ეკლესიაში სიარული, ამბობს, რომ იქ კარგი სურნელი დგას, კეთილი ადამიანები არიან და „ლამაზად მიყურებენო“. ვკითხე, რას გულისხმობდა, ვინ უყურებდა „ლამაზად“ და მიპასუხა: – „ისინი, იქ დაბრძანებული წმინდანები, დედა, კეთილი თვალები აქვთ და ლამაზად მიყურებენ“ – ზუსტად ამ სიტყვებით მითხრა – დაბრძანებული წმინდანებიო, განსხვავებული სულის ბავშვია, იმიტომ არ ვამბობ, ჩემი შვილი რომ არის, თან, როგორც უკვე ვთქვი, სამი შვილის დედა ვარ და ივლიტა ნაბოლარა შვილია.
– და განსხვავებულად ლამაზი გარეგნობა აქვს, გარდა ამისა, როგორც მივხვდი, დედასავით ჩაცმის განსხვავებული სტილიც აქვს – ერთნაირი ფერის კაბები იყიდეთ, თუ შეიკერეთ?
– ადვოკატი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, დიზაინერი ვიქნებოდი, იმდენად მიყვარს ეს საქმიანობა. კაბების ფერები და სტილი ჩემი შერჩეულია, კი, თუმცა, ივლიტას ვუთანხმებდი, რადგან, მას ამ ასაკშიც, უკვე მკვეთრად აქვს გამოხატული ინდივიდუალიზმი და ჩემი, როგორც დედის, ვალია, ამ ინდივიდუალიზმის მეტად გამომჟღავნება და არა შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ არ მიყვარს ისე მეცვას, ისე გამოვიყურებოდე, როგორც ყველა, კაბები შევიკერეთ. წლებია გვყავს პერსონალური, ოჯახის მკერავი, რომელიც გავლენიან, ცნობილ ადამიანებთან მუშაობს ხოლმე. ყველას ვერ ვანდობ თავს და ჩემ შვილებს. ჩემთვის გემოვნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რასაც უნდა ვაკეთებდე, რაც უნდა მეცვას, ყოველთვის ვცდილობ გემოვნებიანად გამოვიყურებოდე.
– ფერებიც თავად შეარჩიეთ?
–კი, თეთრი – ანგელოზის, სიწმინდის, სიმშვიდის ფერი, შინდისფერი – ბედნიერების, სიხარულის ფერი და შავი – როგორც იდუმალება.
– გამოვიდა დღესასწაული მშვიდი, ბედნიერი და იდუმალი?
–(იცინის), მშვიდი და ბედნიერი გამოვიდა და იდუმალი, ვგონებ, არც ისე, რაკი ახლა თქვენ გესაუბრებით. რესტორნის სივრცე იმ დღისთვის მთლიანად დავჯავშნე, სწორედ იმიტომ, რომ მყუდრო საღამო გამოგვსვლოდა. ერთი მთავარი მოთხოვნა რაც მქონდა, სახურავი უნდა ყოფილიყო გადახდილი, მთელი დღესასწაულის კონფეცცია სწორედ ის იყო, რომ ღრუბლებთან, ცასთან, ღმერთან ახლოს გვეგრძნო თავი. როცა რესტორნის მენეჯმენტს ვაჩვენე მონახაზი, რა მინდოდა გამოსულიყო, თავად მოიწვიეს პიარჯგუფი, ფოტოგრაფები, გამფორმებლები, ყველაფერი გააკეთეს, რომ ზუსტად ისეთი გამოსულიყო საღამო, როგორც გვინდოდა. რამდენიმე ფოტოც გადაიღეს, ცხადია, ჩემი ნებართვით. თუ ვინმეს ასიამოვნებს ჩვენი დღესასწაული, ან იდეას მისცემს, მისი საღამო როგორ მოაწყოს, რატომაც არა.
– ტორტი – 120 კილოიანი, 5500 ლარად შეფასებული – ტორტის დიზაინი ვისი იყო?
– ტორტის დიზაინიც ჩემი იყო. ღრუბლები, საქანელები, ანგელოზები, თუ ნებისმიერი დეტალი, ფართის გაფორმებიდან დაწყებული, ტორტით დასრულებული, ჩემი დიზაინით შესრულდა. ძალიან დიდი მადლობა გუნდს, რომელმაც არაერთი დღე იმუშავა ტორტის დეტალების ზუსტად შესასრულებად და რომელმაც გაითვალისწინა ჩემი მოთხოვნა, რომ ტორტზე არც ერთი დეტალი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც საკვებად უვარგისია და ბუტაფორიაა. ცხადია, ტორტის შემთხვევშიც, რაკი ეს ივლიტას ზეიმი იყო, მას ვუთანხმებდი დეტალებს. როცა ვაჩვენე დასრულებული სახით დიზაინი, – მითხრა – მომწონს, მაგრამ ზუსტად ასე შეასრულებენ? – დავპირდი, რომ ზუსტად ასეთი ტორტი ექნებოდა და ჰქონდა კიდეც. ძალიან რთული დასამზადებელი იყო, როგორც ვიცი. რთულად ამოსატანი რომ დარჩა მეათე სართულზე, ამას ნამდვილად შევესწარი, ნაწილ–ნაწილ მოუწიათ ამოტანა და ადგილზე აწყობა. სხვათა შორის, იმდენად რთული იყო დასამზადებლად დ აიმდენად შთანბეჭდავი გამნოვიდა, ტორტს სახელიც დაარვეს – საოცრება.
– და რა ბედი ეწია 120 კილოიან საოცრებას?
–(იცინის) დავჭერით და ვარიგებ დღეს მთელი დღეა, ჯერ კიდევ ვერ მოვრჩი, რამდენიმე ოჯახისთვის ახლაც მიმაქვს.
– ბედნიერია პატარა ივლიტა ნათლობით?
– ძალიან. ნათლობისას ღვთისმსახურის ყველა სიტყვას ისმენდა, გაუნძრევლად იდგა და უსმენდა. ცერემონია რომ მორჩა, ვკითხე, რა შეგრძნება ჰქონდა – მიპასუხა: – ისეთი, როგორიც ანგელოზებს. ჩავეკითხე, მისი აზრით, როგორი შეგრძნება აქვთ ანგელოზებს და მითხრა: – სუფთა.
– დარბაზში რომ შეხვედით და ეს საოცარი გაფორმება დაინახა – რა თქვა?
–ზოგადად, გამორჩეული მანერების მქონე ბავშვია, ჩემი შვილია და მგავს, მესმის (იცინის), ემოციებსაც გამორჩეულად გამოხატავს. რომ შევედით ამ მართლა საოცარ სივრცეში, გაჩერდა და რამდენიმე წუთი, უბრალოდ იდგა, გაუნძრევლად, შემდეგ, მოვიდა და ჩუმად მითხრა – „შენ ყველაზე კარგი დედიკო ხარ სამყაროში და ძალიან მიყვარხარ. ბედნიერი არა, უბედნიერესი ვარ.“ მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით იცოდა, რა ელოდა, როგორც ჩანს, მაინც არ ელოდა, ასე ზედმიწევნით ზუსტად თუ მოხერხდებოდა ყველა დეტალის შესრულება და ერთიანობაში თუ ასეთ ლამაზი და ზღაპრული იქნებოდა.
– გულწრფელად რომ მითხრათ, გინდოდათ, რომ ასეთი ეპატაჟური, ასეთი ხმაურიანი, ასეთი გრანდიოზული დღესასწაული გამოგსვლოდათ?
– არ ვიცი, მაგაზე არც კი მიფიქრია. ჩემი სურვილი იყო, ჩემი შვილები, ჩემი ახლობელი ადამიანები, ჩემი ოჯახი მენახა გახარებული და ბედნიერი. სიმართლე გითხრათ, არ არის ეს ჩემთვის უცხო ემოცია. ნაძვირს ხეს თუ მოვრთავ, იმაზეც ყველა ასე ამბობს, რომ გრანდიოზულად მოვაწყვე საახალწლო განწყობა სახლში, ავეჯსაც რომ შევუცვალო ადგილი და ახალი არაფერი დავამატო, ისიც ასეთ საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში…
– ისევე, როგორც თქვენი ახალი ავტომობილი, რომელიც 130 000 დოლარი ღირს, თუ არ ვცდები და ასეთი მანქანით ბევრი ვერ დადის საქართველოში.
– კი, გიდასტურებთ, ნამდვილად ასეა (იცინის).
– მე მეტნაკლებად ვიცნობ თქვენს განვლილი გზას, მაგრამ მკითხველი არ მაპატიებს, რომ არ გკითხოთ ახლაც, როგორ მიაღწიეთ ასეთ წარმატებას?
– ჩემი დიდი შრომის შედეგია ველაფერი რაც მაქვს, არაფერი ისე არ მოდის ცხოვრებაში. მართლა ძალიან დიდი შრომის შედეგია. მამა – მშრომელი, უპატიოსნესი კაცი იყო, თავისი მცირე ბიზნესი ჰქონდა, სოფლის მეურნეობის. დედა პედაგოგია, არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი, არაერთი ცნობილი პროფესიონალი აჩუქა ქვეყანას. 4 შვილს ზრდიდნენ, იმ საშინელ 90–იან წლებში. აუცილებელი რაც იყო, არაფერი გვაკლდა ნამდვილად, მაგრამ ფუფუნების საშუალება არ გვქონდა. ჩემი მშობლების მთავარი ფუფუნება იყო, ოთხივე შვილს კარგი განათლება მიგვეღო და ღირსეულ ადამიანებად გავეზარდეთ. ეს რომ მოახერხეს, ამისთვის მათი უდიდესი მადლიერი ვარ.
დანარჩენს უკვე ცხოვრებაში თავად მივაღწიე. ჩემ ხელში ათასობით ქალის, მამაკაცის საქმეებს გაუვლია, არაერთი ბავშვი მიყურებს იმედის თვალით და ელოდება, რომ მისი მშობელი, ჩემი დახმარებით, სახლში დაბრუნდება. მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანიების და მილიარდიანი უძრავი ქონების მართვის გამოცდილება მაქვს და ამწამსაც ვმართავ. შესაბამისად, მაქვს, რომ მიწევს ადამიანების ბედის გადაწყვეტა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, არასოდეს მტოვებს. მიუხედავად ამდენწლიანი შტაჟისა, როცა ვიცი, განაჩენი უნდა გამოცხადდეს, წინა საღამოს, 40 გრადუსამდე მიწევს ტემპერატურა.
ყველამ იცის, მე, ნინო შავგულიძე, არასოდეს არავის ვაძლევ წინასწარ გარანტიას, ეს არაპროფესიონალიზმის პირველი ნიშანია ჩემთვის, მაგრამ ასევე ყველამ იცის, რომ კი, ჰონორარი ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია და საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ჰონორარის გამო საქმეს ხელს არასოდეს ვკიდებ. სხვათა შორის, მარტივად მოსაგებ საქმეებზე მეტად, რთული საქმეები მომწონს, ისეთი, სადაც პრაქტიკა არ არის და თავად ვდებ ამ პრაქტიკას. ზოგჯერ მთელი კვირებით ჩემი გონება მხოლოდ ერთი საქმითაა დაკავებულია, სანამ იდეალურ გამოსავალს არ ვიპოვი. ასე რომ, ჩემი პროფესია უდიდეს შრომას და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ვამაყობ იმით, რომ რაც გამაჩნია ჩემი შრომითაა მოპოვებული.
–რთულია იყო პროფესიაში ასეთი წარმატებული და თან სამი შვილის დედა?
– რომ გითხრათ მარტივიაო, დამიჯერებთ? – კი, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. 3 შვილს ვზრდი, სამივეს, ჩემგან გამომდინარე უკვე აქვს მაღალი გემოვნება. იმედია, ახლა ამისათვის არავინ გამაქილიკებს, შვილზე უკეთესს ვის გავუკეთებ? მე არ მესმის ის პრინციპი – მოაშიე, დააკელი, მოაწყურე შვილიო, რომ ამბობს ზოგი. ვისთვის ვშრომობ მაშინ ამდენს? ჩემმა შვილებმა იციან, რომ მათი ბედნიერებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ. პრიორიტეტია სწავლა და განათლება, ყოველთვის დავეხმარები და გვერდით დავუდგები კარგი განათლების მისაღებად. ივლიტამ ლაპარაკი დაიწყო თუ არა, ლამის, იმ წამიდან განაცხადა, რომ ისიც ადვოკატი უნდა გამოვიდეს. ხატიას, შუათანა გოგოს, რამდენიმე ვარიანტი აქვს და ჯერ არ აქვს მყარად გადაწყვეტილი, ვინ გამოვა. უფროსი შვილი, ბიჭი, ბიზნესადმინისტრირებას სწავლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რათა ბედნიერებიც იყვნენ და კარგი განათლებაც მიიღონ, ყოველთვის ხაზგასმით ვეუბნები მათ, რომ მთავარია ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად, ადამიანებად. ყველა ვერ იქნება პროფესორი, ადვოკატი, მეცნიერი – მეპურე რა, არ გვჭირდება? კარგი მეპურე ნაკლებ დაფასებულია? მთავარია, ის საქმე, რასაც აირჩევენ აკეთონ უნაკლოდ, პროფესიონალურად, იყვნენ ლიდერები საკუთარ პროფესიებში.
– როგორც თქვენ ლიდერობთ თქვენ პროფესიაში? – და მაინც, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
– მე რომ ასეთი ხასიათი არ მქონოდა, რომ არ მქონოდა ჟინი ლიდერობის, გამარჯვების, რომ არ შემეძლოს, ისეთ რთულ საქმეებს მოვკიდო ხელი და გავაკეთო კიდეც, ისეთს, სადაც პრაქტიკაც კი არ გვაქვს, ნამდვილად ვერ მივაღწევდი იმას, რაც მაქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც