500 000 ლარი და 2-წლიანი პატიმრობა – BBC-ის ცნობით, 19 წლის ბელა მეილ კალლის საპროცესოს გაუფორმებენ

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 19 წლის ბრიტანელ ქალს, ბელლა მეი კალლის საპროცესოს გაუფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეთანხმების პირობების მიხედვით, ოჯახმა 500 000 ლარი გადაიხადა, კალლი კი ციხეში მხოლოდ ორ წელს გაატარებს. თუმცა, როგორც ოჯახის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ BBC-თან საუბრისას აღნიშნა, აპირებს მიმართლოს საქართველოს პრეზიდენტს კალლის შეწყალების თხოვნით.
ბელა მეი კალლი, რომელიც 6 თვეა, რაც პატიმრობაშია, 35 კვირის ორსულია. ის 10 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისი ბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს 12 კილოგრამამდე “მარიხუანა” და 2,068 კგ “ჰაშიში”. მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის იყო. 19 წელი კალლის რუსთავის ქალთა კოლონიაში შეუსრულდა.
დაკავების შემდეგ მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები გულისხმობს ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის გოგო, რომელიც კოლეჯში მედდის პროფესიას დაეუფლა, სწავლის გაგრძელებამდე მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ფილიპინებში წავიდა. ეს მოხდა აპრილის ბოლოს. დედის, ლიან კენედის თქმით, შვილთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა და ხშირად უგზავნიდა ფოტოებს მოგზაურობიდან.
მორიგი საუბრისას ახალგაზრდა ქალმა დედას უთხრა, რომ მათ ტაილანდში წასვლა გადაწყვიტეს. ბოლოს დედას სწორედ ტაილანდიდან ესაუბრა 3 მაისს, მას შემდეგ კი ოჯახს აღარ დაჰკავშირებია. ბელა მეი კალლიმ სოციალურ ქსელში ბოლო სურათი 5 მაისს გამოაქვეყნა.
ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების შემდეგ ოჯახმა მისი ძებნა სოციალური ქსელებითა და მედიის დახმარებით დაიწყო. მამა, ნილ კალლი ტაილანდში შვილის მოსაძებნად გაემგზავრა. სწორედ ტაილანდში გაიგო, რომ მისი შვილი საქართველოში დააკავეს. ამის შემდეგ პირდაპირ საქართველოში გამოემგზავრა.
ბელლა მეი კალლიმ ამბობს, რომ 12 კილოგრამამდე ნარკოტიკის შემოტანა საქართველოში წამებით აიძულეს.
“მე არ მინდოდა ამის გაკეთება. მაიძულეს, რომ ასე მოვქცეულიყავი. მე უბრალოდ მოგზაურობა მინდოდა. მე კარგი ადამიანი ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, სუფთა ადამიანი ვარ. ნარკოტიკებს არ მოვიხმარ”, – თქვა ბელა მეი კალლიმ 1-ელ ივლისს გამართულ სხდომაზე.
ადვოკატ მალხაზ სალაყაიას ინფორმაციით, ტაილანდში ყოფნისას ახალგაზრდა ქალი სამართალდამცველებს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. თუმცა დახმარების ნაცვლად დააბრუნეს იმ კაცებთან, რომლებმაც მასზე იძალადეს. ადვოკატი ამბობს, რომ ტაილანდის აეროპორტში ქალმა საბაჟო სამსახურსაც სთხოვა დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. მას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ნარკოტიკები უნდა წაეღო, დანიშნულების ადგილას ჩასულს კი დახვდებოდნენ და გამოართმევდნენ. თუმცა ბელა მეი კალლი ქართველმა სამართალდამცველებმა აეროპორტშივე დააკავეს და დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამავე თემაზე:
· გაუფორმებენ თუ არა საპროცესო შეთანხმებას 19 წლის ბრიტანელ გოგოს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული
· 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ქალი ამბობს, რომ 12 კგ-მდე ნარკოტიკის საქართველოში შემოტანა წამებით აიძულეს