59 წლის მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და ჟურნალისტი ლორენ სანჩესი 2018 წლიდან განუყრელები არიან. წყვილი მდიდრულ წვეულებებსა და ღონისძიებებზე დასწრებისას ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში და მათი უხერხული კადრებიც არაერთხელ გამოქვეყნებულა მედიაში. ლორენი ჩაცმის თავშეკავებული სტილით ნამდვილად არ გამორჩევა, შესაბამისად, მისი თამამი სამოსიც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ბოლო ხანს მას სკანდალური ჩაცმულობით გამორჩეული, ბიანკა ცენსორის მიბაძვაშიც კი ადანაშაულებენ…
ჯეფ ბეზოსმა მილიარდერის სტატუსი ოფიციალურად 1999 წელს მოიპოვა. მაშინ, როდესაც Amazon-ი საფონდო ბირჟაზე 10 მილიარდ დოლარად შეფასდა. ბეზოსის პირველი ცოლი მაკენზი სკოტი იყო, რომელთანაც ბიზნესმენს 25-წლიანი ქორწინება და ოთხი შვილი აერთიანებს. წყვილი 2019 წელს დაშორდა. მილიარდერის რჩეული კი ყოფილი ჟურნალისტი ლორენ სანჩესი გახდა.
ბეზოსის გაცნობამდე სანჩესი ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. დღეს კი მისი მეგობრების სიაში კიმ კარდაშიანს, კრის ჯენერს და ოპრა უინფრის შეხვდებით.
აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა საყვარელ ქალს 500 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა აჩუქა. ლორენის მფლობელობაშია ასევე ორი კომერციული თვითმფრინავი – იგი 2011 წლიდან კვალიფიციური პილოტია. ქმრისგან მან ვარდისფერი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც მიიღო, რომლის ღირებულებაც 1,9 მილიონი დოლარია. წყვილი ბევერლი ჰილზში, 165 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც ბეზოსმა მეუღლისთვის 2020 წელს შეიძინა.
ყველაფრის მიუხედავად, ლორენი საჯაროდ აღნიშნავს, რომ მათი ცხოვრება “საკმაოდ ნორმალურია” და “ძირითადად, ბავშვების გარშემო ტრიალებს”. გარდა ამისა, იგი დედამიწის ფონდის ვიცე-თავმჯდომარეა – ეს ორგანიზაცია კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად 7,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.