„500 ლარი ექნება ადამიანს ანაზღაურება თუ 700, ის მაინც ღარიბი იქნება“ – ნიკა ნანუაშვილი მინიმალურ ხელფასზე

„მინიმალური ხელფასი არ არის სურვილების და ზღაპრების განზომილება. ეს არის კონკრეტულ ციფრებში გამოხატული მოცემულობა და თუ გვინდა, რომ ამ გზით შევამციროთ ქვეყანაში სიღარიბე ან დასაქმებულების შრომითი პირობები, მინიმალური ხელფასით ეს არ მიიღწევა“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტმა ნიკა ნანუაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება მოცემულობას რეალურად არ ცვლის, თუ არ აუარესებს.
„ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ან ორგანიზაციის პოზიცია. ამის შესახებ უამრავი კვლევა არსებობს. განსაკუთრებით ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყნისთვის, მინიმალური ხელფასის შემოღება უკეთეს შემთხვევაში ან დიდად არაფერს ცვლი, უარეს შემთხვევაში კი აზიანებს იმ დასაქმებულებს, რომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის შეიძლება მივიღოთ შრომის მინიმალური ანაზღაურება“, – განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.
როგორც მან განმარტა, ბოლო წლებში საქართველოში საშუალო ხელფასის ზრდა შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსმა გამოიწვია.
„დღესაც კი ყველაზე დაბალკვალიფიციურ პოზიციებზე საშუალო ხელფასი აღარ არის 700 ლარი და 700 ლარზე მუშაობას არავინ აღარ თანხმდება. ყველაზე დაბალკვალიფიციურ პოზიციებზე მინიმალური ხელფასი არის 800, 900 ან 1000 ლარი და მეტი, მე ვგულისხმობ კონსულტანტს, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს. ამ პოზიციებზეც კი 700 ლარზე დასაქმებულს ვერ იპოვი უბრალოდ.
ბოლო წლებში საქართველოში საშუალო ხელფასი იზრდება და იზრდება არა იმის ხარჯზე, რომ მენეჯერებსა და ტოპ მენეჯერებს ეზრდებათ ხელფასი, არამედ იმიტომ, რომ მოთხოვნა-მიწოდებას შორის წარმოიშვა მკვეთრი დისბალანსი. კადრების საჭიროება უფრო მეტია, ვიდრე კადრების რაოდენობა. შრომის ბაზარზე ამ დისბალანსმა გამოიწვია ხელფასების ზრდა.
შრომის ბაზარზე ხელფასები ზრდა ორი რამით უნდა იყოს განპირობებული. პირველი ეს არის პროდუქტიულობის ზრდა და მეორე – დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის. ჩვენ თუ დავაწესებთ ვალდებულებას და ეს ვალდებულება არაადეკვატური იქნება ამ ორ კომპონენტთან მიმართებით, გამოვიწვევთ ხელოვნურად ისეთ პროცესს, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესს დააზარალებს, არამედ იმ დაბალკვალიფიციურ პოზიციებზე დასაქმებულებსაც.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება ყველაზე მეტად აზარალებს ყველაზე ნაკლებად კვალიფიციური მუშახელს, რომელიც ბაზარზე დამწყებია. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მათთვის ბაზარზე შესვლის ბარიერს ამაღლებს. უბრალოდ, ჩვენს შემთხვევაში, რადგან მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია, ეს ფაქტორი არ იმუშავებს“, – აღნიშნა იურისტმა.
როგორც მან განაცხადა, სიღარიბის შემცირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სამუშაოებისა და მაღალი შემოსავლის მომტანი საქონლის წარმოებით არის შესაძლებელი.
„საქსტატის მონაცემები არსებობს იმის შესახებ, რომ ბევრი ადამიანია დასაქმებული 700 ლარზე ნაკლებ ხელფასზე. სად მუშაობს ეს ხალხი, როცა არსებობს რეალობა, რომ ბევრად მაღალია მოთხოვნა 700 ლარზე მეტი ანაზღაურების მქონე კადრებზე, ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე, როცა ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნაც არ გჭირდება. მაინტერესებს სად მუშაობენ ადამიანები 200 ლარზე, რომელი სექტორია? ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი, ჯერაც ვერ მივიღე. სად მუშაობენ ადამიანები 200-ლარიან ხელფასზე, როცა შეუძლიათ დღიურ მუშად იმუშაონ ან დამლაგებლად და დღეში იან 100-150 ლარი.
თუ გვინდა, რომ ქვეყანაში სიღარიბე შევამციროთ, ნაკლები დაბალშემოსავლიანი დასაქმებული გვყავდეს, უნდა ვიფიქროთ, როგორ შევქმნათ მაღალტექნოლოგიური და მაღალპროდუქტიული სამუშაოები, რადგან 500 ლარი ექნება ადამიანს ხელფასი თუ 700 ლარი, ის მაინც ღარიბი იქნება. თუ ადამიანი კარტოფილს აწარმოებს და ამისგან აქვს შემოსავალი, ის ყოველთვის ღარიბი იქნება. აუცილებელია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე გადასვლა და ამავდროულად ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლება.
მე თუ მკითხავთ, მე მინდა, რომ მინიმალური ხელფასი არა 700, არამედ 7000 ლარი იყოს და ვინ დამიმტკიცებს, რომ ჩემი სურვილი არასწორია. თუმცა, მე ვაცნობიერებ, რომ დღეს ამის მიღწევა შეუძლებელია“, – აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.