“500 კგ სანელებელი მაიამიში გავგზავნეთ” – Waime Spice-მა ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყო

სანელებლების მწარმოებელმა Waime Spice-მა ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყო. როგორც ქართული კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგია BM.GE-სთან ჰყვება, ამერიკული ბრენდი, რომელიც [დასახელების უფლება შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე არ აქვს] მაიამიში სანელებლების რეალიზებას იწყებს, Waime Spice-ს 5-6 თვის წინ დაუკავშირდა და მათთვის სანელებლების ასორტიმენტის შექმნა შესთავაზა. Waime Spice-ში თანამშრომლობის წინადადება მიიღეს და მუშაობაც დაიწყეს, რათა ამერიკაში სანელებლების ექსპორტისთვის შესაბამისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.
„ეს არის ახალი ამერიკული ბრენდი, რომელიც სანელებლების წარმოებისთვის საერთაშორისო დონეზე “აუთსორს” კომპანიას ეძებდა. მოკვლევის შედეგად ჩვენზე გამოვიდა. ჩვენ მათ შევუქმენით სანელებლების ასორტიმენტი, თავისი ტექნიკური რუკებით, რაზეც 5-6 თვე ვმუშაობდით.
შედეგად ექვსი დასახელების 500 კგ სანელებელი ამერიკაში, კონკრეტულად კი მაიამიში გავაგზავნეთ. ამ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ მათი ექსკლუზიური მიმწოდებელი გავხდებოდით, რაც წლიურად 3 ტონა სუნელის მიწოდებას გულისხმობს და ეს მოცულობა დროთა განმავლობაში გაიზრდება“, – აღნიშნავს გიორგი გოგია.
Waime Spice-ის თანადამფუძნებლის თქმით, ეს ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა, ამიტომ, იმისთვის რომ თანამშრომლობა შემდგარიყო, FDA-სგან სერტიფიკატის აღებაც მოუწიათ:
“კიდევ ერთი შესაძლებლობა, რაც ამ თანამშრომლობამ კომპანიას მოუტანა ისაა, რომ ჩვენთვის ამერიკული ბაზარი გაიხსნა და მომავალი განვითარებისთვის ძალიან პერსპექტიული ნაბიჯია. გარდა ამისა, კომპანიაში სანელებლების წარმოების მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების, როგორც პროდუქტის შექმნის შესაძლებლობებზეც დავფიქრდით და სამომავლოდ ამ მიმართულების განვითარებას ვგეგმავთ“.
ცნობისთვის, Waime Spice ყოველთვიურად 450 კგ სანელებელს ყიდის, სადაც 50% საქართველოშია წარმოებული, 50% კი იმპორტირებული. კომპანიას ადგილობრივი ბაზრის გარდა, სანელებელი აზერბაიჯანსა და უნგრეთში გააქვს.