3 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს. შუაღამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით დაწყებულ იერიშს გამთენიისას სარაკეტო შეტევაც დაემატა. არიან დაჭრილები. დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
კიროვოგრადის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზნამენსკის რაიონში ხუთი ადამიანი დაიჭრა. შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დანგრეულია 1 და დაზიანებულია 28 სახლი. უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, კიროვოგრადის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც დაზიანდა, რის გამოც მატარებლების მიმოსვლა შეფერხდა. დაჭრილებს შორის 4 რკინიგზის თანამშრომელია.
რუსეთის ჯარებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს ხმელნიცკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია სახლები და არასაცხოვრებელი შენობები. გაჩნდა ხანძრები. ლვოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ლვოვში ნაწილობრივ დანგრეულია სასაწყობე შენობა. ვოლინის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ლუცკში განადგურებულია რამდენიმე არასაცხოვრებელი ნაგებობა და ავტომანქანები.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული დრონი ჩამოვარდა კიევის დესნიანსკის რაიონში. მსხვერპლი და ნგრევა არ არის. კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდში დაზიანებულია რამდენიმე სახლი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 3 სექტემბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 502 უპილოტო საფრენი აპარატითა და 24 ფრთოსანი რაკეტით.
საჰაერო ძალების თანახმად, მოგერიებულია 430 დრონი და 21 რაკეტა. დანარჩენი საშუალებებით პირდაპირი დარტყმა დაფიქსირებულია 14 ლოკაციაზე.
ფორუმი
