50-ზე მეტი დემონსტრანტის ადმინისტრაციულ საქმეს სასამართლო განიხილავს

დღეს, 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლო რუსული კანონის აქციების მონაწილე 50-ზე მეტი დემონსტრანტის საქმეს განიხილავს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ერთ-ერთი, ვისი საქმეც დღეს განიხილება მსახიობი ნატალია ყიფშიძეა.
“ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ, ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში, რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ. დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ იქ, სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება, მასზე მაღლა ვერ ახვალთ”, – წერს ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, აქტივისტი ბექა სხვიტარიძეც ფიქრობს, რომ სამართალდამცავი სისტემა ამ ფორმით აქტივისტთა დაშინებას ცდილობს.
“მედავებიან 24 აპრილს გზის ხელოვნურად გადაკეტვას. ადმინისტრაციული ჯარიმაა […] ჰგონიათ, რომ ამით შეიშინებენ და აღარ გამოვა ხალხი. მინდა ვუთხრა ყველას, რომ არ გვეშინია. არადრის გვეშინია. არც ჯარიმის და არც დაჭერის. ჩვენ მიჩვეულები ვართ ავტორიტარული რეჟიმისგან მსგავს ქმედებებს და აქედან გამომდინარე, პირიქით, უფრო დავღლით და უფრო მეტ საქმეს მივცემთ, ასე თუ გააგრძელეს”, – განაცხადა სხვიტარიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.
დემონსტრანტების ინტერესებს უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი იცავს. ამ ქსელის წევრია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომლის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი აქციის დროს გზის გადაკეტვა არ შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად.
“ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ადვოკატებს საქმის მასალები არ უნახავთ, ხვალ ნახავენ სასამართლოში, ამიტომ, ბევრი დეტალი ჯერ არ ვიცით. თუმცა, ამ დროისათვის რა ინფორმაციაც გვაქვს, ამ მუხლით დაახლოებით 50 ადამიანს შეუდგინეს ოქმი და ედავებიან გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას.
საინტერესო დეტალია, რომ რასაც ამ ხალხის ნაწილს ედავებიან (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა), 2023 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ აღარ ითვლება, თუ აქციას სპონტანური ხასიათი აქვს. ისიც საინტერესოა, რომ ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, გზის გადაკეტვა ბუნებრივად მოხდა. ხალხის რაოდენობას სხვა თუ არაფერი, ისიც ადასტურებს, რომ 50-ზე მეტი პირის მიმართ ოქმია შედგენილი”, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
მასალების გაცნობისთვის საკმარისი დროის არქონაზე მიუთითებს ქსელის წევრი კიდევ ერთი ორგანიზაციის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი, თეონა ზაქარაშვილიც. მისი შეფასებით, ამ საქმეებზე სასამართლოს ნოტარიუსის სტატუსი აქვს, რომელიც უბრალოდ ადასტურებს -ს შედგენილ ოქმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”