5-6 ივლისს ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული.
საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის ინტერესებს იცავს, რომელთაგან 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.
საიას განცხადებით, მთელი გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციას აწარმობდნენ საგამოძიებო უწყებებთან, თუმცა, მათ გაგზავნილ განცხადებებსა და საჩივრებზე ჯეროვანი რეაგირება არ მომხდარა.
ორგანიზაციის განცხადებით, ამან ცხადყო, რომ ეროვნულ დონეზე ადგილი ჰქონდა არაეფექტიან გამოძიებას.
„გასული 3 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა.
ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდებოდა დაზარალებულთა/მომჩივანთა უფლებების სათანადო დაცვა, საიამ მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე შეეხება ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ამ დროისათვის საქმეზე დასრულებულია მხარეთა შეპასუხების ეტაპი და მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია ხაზს უსვამს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია.
„5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე – სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს