დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების შემოსავლები გაორმაგდა და დღეს, „სექტორს ეტყობა, რომ უფრო მყარად დგას ფეხზე“.
როგორც ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენცია მზარდია.
„სადაზღვევო სექტორი მზარდია. ბოლო 5 წლის განმავლობაში, სადაზღვევო პრემია, ანუ სადაზღვევო კომპანიების შემოსავლები გაორმაგდა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი აქტიურად ერთვება და სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულებით სხვადასხვა დაზღვევის ყიდვა იზრდება. 2024 წლის რიცხვი, პირველადი მონაცემებით, ეს არის მილიარდ ორას სამოცი მილიონი. 2023 წელს იყო პირველად, როდესაც გადასცილდა მილიარდიან მიჯნას. ახლა, 2024-ში დაახლოებით, ორასი მილიონით გადასცილდა წინა წელთან შედარებით. ეს მოხდა ძირითადად სამი მიმართულების ხარჯზე. პირველი, ზოგადად, ადამიანებს უფრო სჯერათ სადაზღვევო პროდუქტის და უფრო მეტად ყიდულობენ. იზრდება ფასებიც. მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევაში გაიზარდა ფასები, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებისთვის თავად ჯანდაცვის მიმართულება ძალიან მომგებიანი ნამდვილად არ არის, რადგან მარჟაზე მუშაობენ. ისინი მომსახურებას მომხმარებელზე ყიდიან და შესაბამისად, ფასთა გარკვეული ცვლილება თავისთავად აისახება სადაზღვევო პაკეტზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდაა ჯანდაცვაში, არის გარკვეულწილად ქონების ზრდა, ასევე ავტომობილების დაზღვევაც გაზრდილია. ამ ეტაპზე, შემცირება არცერთი მიმართულებით არ არის. სექტორს ეტყობა, რომ უფრო მყარად დგანან ფეხზე და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და 19 კომპანიას ბაზარზე ცხადია, თითოეული სადაზღვევო პროდუქტი სერიოზული კონკურენციის საგანია. ეს კარგია მომხმარებლისთვის, რადგან როდესაც კონკურენციაა, მომხმარებელი ხარისხს და დაბალ ფასს უყურებს. ამიტომ, ეს ორივე კომპონენტი მაღალი კონკურენციის პირობებში ყოველთვის კარგია მომხმარებლისთვის“,- განაცხადა ონოფრიშვილმა.
www.interpressnews.ge
