„5 ძირითადი მიმართულება გვაქვს, რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია“ – ლევან ვეფხვაძე

ენერგეტიკა, ლოგისტიკა ტრანსპორტი, ტურისტული ინდუსტრია, უძრავი ქონება და IT სექტორი – ეს 5 ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან აქსელერაციას განიცდის. ამის შესახებ საქართველოს ბიზნესს ასოციაციის ( BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა და რამდენიმე დღის წინ ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობა შეაფასა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული 5 სექტორი, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისათვის მიმზიდველი გახდეს. ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, საქართველო ქვეყანაა სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით.
“ჩვენი მხრიდან პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო: ვართ ქვეყანა – გამართული საბაჟო, ადმინისტრაციული პროცედურებით, რომელიც ევროპული დირექტივების ადაპტაციის შემდეგ, ევროპულს ძალიან ჰგავს. შესაბამისად, ინვესტორებისთვის აღნიშნული მარეგულირებელი გარემო, უკვე ნაცნობია”, – აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.
ლევან ვეფხვაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ასევე, ენერგეტიკის მიმართულებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ათობით ახალი პროექტი აქვს.
„ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით, ათობით პროექტის ქონა, სახელმწიფოს წამახალისებელი სქემის არსებობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ყველა ეს პროექტი განხორციელდება – პროექტებს ინვესტორები სჭირდებათ! ფინანსების მოზიდვა, სააქციო კაპიტალი გვჭირდება… აღნიშნული კუთხით, ჩვენი პროექტებისა და ქვეყნის სწორი პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ განწყობა, დიალოგი, პოტენციურ ინვესტორებთან შედგეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გარკვეულ პროექტებზე დაინტერესება იქნება“, – აღნიშნავს ბიზნესს ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი.
ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ კონკრეტულმა პროექტებმა მზის შუქი დაინახოს და უცხოელი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება წამოვიდეს.
„ვისურვებდი, ისეთი ტიპის ნაბიჯებს, რომელიც ინვესტორების პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს. მაგალითად, კერძო საჯარო პარტნიორობის ნაწილში, ნამახვან ჰესიდან გამომდინარე, პირველი ეტაპი – არბიტრაჟი, რომ წავაგეთ, მას შემდეგ უფრო მკაცრი პირობები გვაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ბევრ ინვესტორს აფრთხობდეს, ოქროს შუალედია დასაცავი. ამასთან, მეორე ნაწილში, მარეგულირებელი გარემო კარგად უნდა გავიაზროთ“, – აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი განიხილეს. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა, რომლებიც საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს ეხებოდა.
ლონდონში, წლევანდელ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.