5 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი 2024 წლის ბიუჯეტში

2024 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურული (კაპიტალური) პროექტების განხორციელებაზე 3.7 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. იგულისხმება როგორც ახალი, ასევე მიმდინარე 62 პროექტი, რომლებზეც უკვე არის დახარჯული 18 მილიარდი ლარი, ხოლო 2024-2027 წლებში 14 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.
„კომერსანტი“ გთავაზობთ ყველაზე მსხვილ 5 პროექტს, რომლებზეც 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული დაიხარჯება:
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ავტობანის) მშენებლობა – 515 მლნ ლარი
პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), მსოფლიო ბანკი (WB) და ევროკავშირი (EU) არიან. აღნიშნულ პროექტზე 4 მილიარდ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 515 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 170 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს არის მხოლოდ მიმდინარე მშენებლობების დაფინანსება.
პროექტი მოიცავს:
· სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის 51-კმ-იანი საავტომობილო გზის და 41 სახიდე გადასასვლელის მოდერნიზაცია-მშენებლობას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 150 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
· ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის 11-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელს და 3 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 120 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
· შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელს და 10 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 110 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
· ზემო ოსიაური-რიკოთის მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის (რომელიც მოიცავს 11 სახიდე გადასასვლელს და 5 გვირაბს) მშენებლობას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 95 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
· უბისა-შორაპნის მონაკვეთის 13-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 27 სახიდე გადასასვლელს და 18 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 22 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
· ხევი-უბისას მონაკვეთის 12-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 36 სახიდე გადასასვლელს და 20 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 18 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა – 295 მლნ ლარი
პროექტს სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი მსოფლიო ბანკი (WB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 366 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 295 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 180 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
პროექტი მოიცავს:
· თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას;
· თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს 30-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას;
· თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის 17-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა – 292 მლნ ლარი
პროგრამას სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 1.4 მილიარდ ლარამდე უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 292 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 2 მილიარდ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.
პროექტი მოიცავს:
· საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას და რეაბილიტაციას, მათი სხვადასხვა ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას. უნდა ჩატარდეს 170 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 150 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
· საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას და რეაბილიტაციას. უნდა აშენდეს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი და 4 სახელოსნო;
· 3 საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეაბილიტაციას;
· 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და საჭირო ინვენტარით აღჭურვას.
· 2 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დამხმარე შენობის აშენებას და 3 სამეცნიერო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მშენებლობა – 250 მლნ ლარი
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 925 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 350 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 602 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
პროექტი მოიცავს:
· მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 13.7-კმ-იანი საავტომობილო გზისა და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობას;
· მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ხანდო-ფასანაურის შემოსავლელი და არშა-სტეფანწმინდა-გველეთის 20-კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობას.

რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების პროგრამა – 250 მლნ ლარი
პროგრამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 807 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 250 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 1,352 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
პროექტი მოიცავს:
· ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტირებას;
· სამტრედიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის აშენებას;
· ახალციხის ცენტრალურ უბნებსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტირებას;
· გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტირებას;
· დაბა სურამში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტირებას;
· დაბა წაღვერში წყალმიმღებისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას.

ასევე დაგაინტერესებთ