5 ნაბიჯი თუ როგორ გავხდეთ ენერგოეფექტური

5 ნაბიჯი თუ როგორ გავხდეთ ენერგოეფექტური
ყოველდღე, როდესაც შუქს ვანთებთ, წყალს ვაცხელებთ ან ტელეფონს ვტენით, თითქოს უმნიშვნელო ქმედებებს ვასრულებთ, მაგრამ ამ მარტივ ნაბიჯებს საერთო ჯამში დიდი გავლენა აქვს როგორც ჩვენს ხარჯებზე, ისე მთელ პლანეტაზე. მსოფლიოში ენერგიის მოხმარება იზრდება, ხოლო რესურსები – იწურება. სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობა უკვე აღარ არის მხოლოდ “სასურველი” არჩევანი, ის საჭიროა. ენერგოეფექტური ცხოვრება არ ნიშნავს კომფორტზე უარის თქმას, პირიქით, ეს არის გონიერი გზაა, როგორ ვიცხოვროთ უფრო ეფექტურად, ეკოლოგიურად და ეკონომიურად.
ამ სიკეთის მიღწევა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი ნაბიჯების გადადგმით შეგვიძლია, ახლა კი შეგვიძლია გავეცნოთ ყველაზე ეფექტურ და მარტივ გზებს ენერგოეფექტურობის მისაღწევად:
· განათების ეფექტური გამოყენება
LED ნათურები — ჩვეულებრივი ინკანდესენტური ნათურები ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავს და lifespan-იც მოკლე აქვთ. LED ნათურები 75-80%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ და 15-ჯერ მეტხანს ძლებენ. მათი შეძენა ერთჯერადად ცოტა ძვირი შეიძლება სგვიჯდეს, მაგრამ გრძელვადიანად საკმაოდ ეკონომიურია. გარდა ამისა, შუქის გამორთვა ოთახიდან გასვლისას — ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ჩვევაა. ხშირად შუქი ჩართული რჩება ცარიელ ოთახში — უბრალოდ ამ ჩვევის ცვლილებითაც კი დაზოგავთ ენერგიას.
· საყოფაცხოვრებო ტექნიკის ეფექტური გამოყენება
ზოგადად საყინულეები, სარეცხი მანქანები, კონდიციონერები და სხვა ტექნიკა დიდი ენერგიის მომხმარებელია. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი სახის ტექნიკები, რომლებიც A+, A++ ან A+++ კლასისაა — რაც უფრო მეტი პლუსი, მით უკეთესი ენერგოეფექტურობაა.
ასევე გავრცეკებული პრაქტიკაა ტექნიკის გამორთვა “Stand-by” რეჟიმიდან. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ ტელევიზორი, კომპიუტერი ან მიკროტალღური ღუმელი გათიშვის შემდეგაც განაგრძობს ენერგიის მოხმარებას stand-by რეჟიმში. შესაბამისად, უმჯობესია გამოვიყენოთ ე.წ “smart plug”-ები ან უბრალოდ გამოვრთოთ შტეკერიდან.
· თბოიზოლაციის გაუმჯობესება
ყველასთვის ცნობილია, რომ გათბობასა და გაგრილებაზე უდიდესი ენერგია იხარჯება. კარგი თბოიზოლაცია ხელს უშლის სიცივისა და სიცხის სახლში მოხვედრას, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ენერგია დაგჭირდებათ კლიმატის შესაცვლელად.
ორმაგი მინის ფანჯრები — ერთფენიანი მინა სითბოს სწრაფად ატარებს. ორმაგი ან სამმაგი მინის ფანჯრები ამცირებს სითბოს დაკარგვას ზამთარში და სითბოს შესვლას ზაფხულში.
კარისა და ფანჯრის ღრიჭოები — თბოიზოლაციის ყველაზე ხშირად დავიწყებული ნაწილია. გამოიყენეთ სპეციალური რეზინის ლენტები ან სილიკონის მასალა, რათა ხელი შეუშალოთ სიცივეს ან სიცხეს შიგნით შეღწევაში.
· ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება
მზის შუქი დღის განმავლობაში სინათლის ძირითადი წყაროა, შესაბამისად, გახსენით ფარდები და მაქსიმალურად გამოიყენეთ დღის შუქი. განათავსეთ სამუშაო სივრცე ფანჯარასთან ახლოს. თქვენ ასევე უფრო მეტად ენერგოეფექტური გახდებით, თუკი მზის პანელების დამონტაჟებაზეც იფიქრებთ სახლში. ინვესტიცია მზის პანელებში შეიძლება საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს. საქართველოში მზის სითბო მრავალი თვეა ხელმისაწვდომი, რაც ამ ინვესტიციას მომგებიანად აქცევს.
· ინფორმირებულობა და ჩართულობა
თავისით დაწყებული ცვლილება — როცა თავად იცით, როგორ დაზოგოთ ენერგია, ეს უკვე დიდი ნაბიჯია. მაგრამ როცა თქვენს ოჯახსაც, მეგობრებსაც და სამუშაო სივრცის წევრებსაც გაუზიარებთ ამ ცოდნას, შედეგი ბევრად მასშტაბური ხდება.
თქვენ ასევე შეგიძლიათ საჯარო კამპანიებში ჩართულობა, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ორგანიზაცია ატარებს ენერგოეფექტურობის პროგრამებს. გაიგეთ მეტი სახელმწიფო სუბსიდიების, ენერგოდაზოგვის სტიმულების ან ტექნიკის განახლებაზე გაცემული დახმარებების შესახებ.
საბოლოო ჯამში, ენერგოეფექტური ცხოვრების წესი მხოლოდ გარემოს დაცვისკენ მიმართული ქმედება არ არის, ის ასევე თქვენი პირადი ბიუჯეტის დაზოგვის, კომფორტის გაზრდისა და ჯანმრთელი გარემოს შექმნის საშუალებაა. ცვლილებები შეიძლება მცირე ნაბიჯებით დაიწყოს, მაგრამ მათ დიდი გავლენა ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში. გახდი ცვლილების ნაწილი — იყავი ენერგოეფექტური!
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო კომერსანტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA Tech-ის ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.