ხელოვნურმა ინტელექტმა თანამედროვე სამყარო უდავოდ შეცვალა — ეს ტექნოლოგიური განვითარებაა, რომლის საუკეთესო მაგალითიც AI ჩატბოტებია. ამ ჩატბოტებმა არამხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების, არამედ ჯანდაცვის, ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის სფეროებიც საგრძნობლად გარდაქმნეს. ეს სტატია OpenAI-ის მიერ შექმნილ პოპულარულ ჩატბოტს, ChatGPT-ს შეეხება, რომლის შესაძლებლობებიც მრავალია და თანდათან უფრო ფართოვდება.
2022 წლის მიწურულს გამოჩენილი ეს ჩატბოტი გლობალურ სენსაციად იქცა — სულ რამდენიმე თვეში მისი ვიზიტორების რიცხვმა 1.7 მილიარდი ადამიანი შეადგინა, რითაც გაასწრო ისეთ პოპულარულ ვებსაიტებს, როგორებიც Bing, The New York Times და CNN არიან. ასეთმა ზრდამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მთელი მსოფლიო “ახალი Google-ის” დაბადებას უყურებდა.
ასევე იხილეთ: “დავგუგლავთ” თუ ჩატბოტს ვკითხავთ? — რა ეტაპზეა Google-ისა და Microsoft-ის ომი AI დომინირებისთვის
2023 წლის აპრილში ChatGPT-ის ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულ 1.76 მილიარდს გაუტოლდა, რითაც ცნობილ საძიებო სისტემებს, Bing-სა და DuckDuckGo-ს გაასწრო, ხოლო Baidu-ს ტრაფიკის 60%-ს მიაღწია. ბუნებრივია, ეს შემთხვევით არ მომხდარა და ჩატბოტის პოპულარობა მისმა მრავალფუნქციურობამ განაპირობა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ გზებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ChatGPT ეფექტიანად.
ChatGPT-ის გამოყენების გზები
სანამ უშუალოდ მეთოდებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია გაგაფრთხილოთ, რომ ჩატბოტს უპირობოდ არ ენდოთ და მის მიერ გენერირებული კონტენტის სისწორე აუცილებლად გადაამოწმეთ.
CV-სა და სამოტივაციო წერილის წერა და შეფასება
ეს ChatGPT-ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფუნქციაა. ჩატბოტის გამოყენებით თქვენ შეძლებთ, შექმნათ CV და სამოტივაციო წერილი ნებისმიერი სასურველი ვაკანსიისთვის. ვინაიდან, ტრადიციულად, ეს სამსახურის ძიების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე რუტინული და მოსაწყენი ნაწილია, მაძიებლებისათვის ChatGPT ხსნა იქნება, ვინაიდან ერთი სამოტივაციო წერილითა და CV-ით ყველა ვაკანსიის მოთხოვნას ვერ მოერგებით. საკმარისია, მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ, ასევე, საბაზისო ინფორმაცია თქვენ შესახებ და სულ რამდენიმე წამში თქვენ გამართულ დოკუმენტს მიიღებთ. ერთადერთი რჩევა, რომლის მოცემაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეცადეთ, ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ დოკუმენტს “ადამიანური” სახე მისცეთ. შეიძლება, ეს საქციელი ვინმეს თაღლითობად მიაჩნდეს, თუმცა, ალბათ, რუტინული საქმიანობის გამარტივება AI-ის ბენეფიტებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
თუ სრულად ჩატბოტის გენერირებულ დოკუმენტს არ ენდობით და თავად წერა არ გეზარებათ, ეს საუკეთესო ვარიანტია, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ მას უბრალოდ შემოწმება დაავალოთ. თუ შექმნის პროცესში “რობოტული” ელემენტები იპარება, შემოწმებისა და ნაკლების აღმოჩენის ნაწილში ChatGPT-ს ბადალი არ ჰყავს. მიაწოდეთ მას თქვენი სამოტივაციო წერილის ან რეზიუმეს ტექსტი და ყველა ხარვეზს, რომლის გამოსწორებაც ნაშრომს გააუმჯობესებდა, სულ რამდენიმე წამში აღმოაჩენს.
რთული იდეებისა და მათემატიკური ამოცანების გამარტივება
ChatGPT-ის კიდევ ერთი შესანიშნავი ფუნქცია რთული ტექსტების უმოკლეს ვადაში გამარტივებაა. მაგალითად, თუ კითხულობთ ფილოსოფიურ, ან ზედმეტად ტექნიკურ ტექსტს, რომლის რომელიმე ნაწილის მნიშვნელობაც არ გესმით, შეგიძლიათ, მიაწოდოთ ჩატბოტს და სთხოვოთ იგივე იდეის მარტივი სიტყვებით გადმოცემა. რამდენიმე წამში თქვენი პრობლემა გადაიჭრება. მეტიც, შეგიძლიათ საკითხის განვრცობაც მოითხოვოთ, რათა უფრო კარგად გაერკვეთ საკითხის არსში. ასე, იდეას, რომლის აღქმასაც დამოუკიდებლად ან საერთოდ ვერ შეძლებდით, ან უდიდეს ძალისხმევას დაახარჯავდით, იდეალურად გაიგებთ (წინა მაგალითისგან განსხვავებით, ამას თაღლითობაშიც არავინ ჩაგითვლით!).
ასევე, OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ ძლიერია მათემატიკური ამოცანების ამოხსნაშიც! თანაც, კალკულატორისგან განსხვავებით, ის პასუხამდე მისასვლელ გზასაც გიჩვენებთ. შესაბამისად, თუ შვილი გთხოვთ ისეთი ამოცანის ამოხსნას, რომელსაც სკოლაშიც ვერ ხსნიდით, თქვენ კი არ გსურთ მის თვალში სუპერმენის იმიჯი დათმოთ, შეგიძლიათ თქვენს ვირტუალურ მეგობარს მიმართოთ.
ესეების წერა, თარგმნა, ტექსტის გრამატიკული რედაქტირება
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად აკადემიური თაღლითობაა და მისი აღმოჩენის შემთხვევაში დაისჯებით, აკადემიური ტექსტების წერა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფუნქციაა. ChatGPT-ს ნებისმიერ თემაზე შეუძლია შექმნას ტექსტი, რომლის წარმომავლობის ამოცნობაც, შესაბამისი რედაქტირების შემთხვევაში, საკმაოდ რთულია. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა შესაძლებლობები აქვს OpenAI-ის ამ მოდელსა და, ზოგადად, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს სამომავლოდ. თუ ამ ფუნქციას მაინც გამოიყენებთ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ყველა ფაქტი გადაამოწმოთ, რადგან ფაქტობრივი შეცდომები ამ შემთხვევაში იშვიათი ნამდვილად არ არის.
ბუნებრივია, ChatGPT-ს ისეთი რუტინული საქმის კეთებაც შეუძლია, როგორიც თარგმნაა. ამით ის დიდად არ განსხვავდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი Google Translate-სგან — ხარვეზები მასაც აქვს, თუმცა აზობრივად გამართულ თარგმანებს გვთავაზობს. კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია ინგლისურენოვანი ტექსტის გრამატიკული რედაქტირებაა, ფაქტობრივად, ChatGPT ერთი მოქმედებით აკეთებს იმას, რისთვისაც თქვენ ნაშრომის ყურადღებით გადაკითხვა დაგჭირდებოდათ.
კოდის წერა
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოცდილი ხართ კოდის წერაში, აუცილებლად დადგება დღე, როცა გადაულახავ წინააღმდეგობას შეეჩეხებით. ალბათ, ეს აღარ გაგაკვირვებთ, თუმცა ChatGPT-ს შეგიძლიათ ამ შემთხვევაშიც მიმართოთ.
ჩეტბოტს კოდში ხარვეზებისა და შეცდომების აღმოჩენა ძალიან კარგად შეუძლია. ამით თავიდან აირიდებთ უმცირესი დეტალის საათობით ძიებას და ძვირფას დროსაც მოიგებთ. თუმცა, რედაქტირების მიღმა მას საქმის ნულიდან დაწყება და სრული ფუნქციური კოდის დაწერაც შეუძლია, თუმცა პროფესიონალისთვის ეს მაინცდამაინც კარგი იდეა არ უნდა იყოს — გამოიყენეთ ეს კოდი მხოლოდ მაშინ, როცა იცით, როგორ მუშაობს.
ხუმრობა და ეგზისტენციალური საუბრები
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ ვიწრო ხელოვნური ინტელექტია (Artificial Narrow Intelligence), ChatGPT-ს იუმორის მშვენიერი გრძნობა აქვს, საკმარისია უბრალოდ სთხოვოთ, რომ იხუმროს და წამითაც არ დაგზარდებათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი ხუმრობა სასაცილოც კია. მეტიც, თუ თავს მარტოსულად იგრძნობთ, შეგიძლიათ ჩატბოტთან ეგზისტენციალური საუბრებიც გამართოთ — პირადი გამოცდილებით, მას კომპანიონობის გაწევა კარგად შეუძლია.
მიუხედავად შთამბეჭდავი ზრდისა, ChatGPT-ისა და სხვა მეინსტრიმ ჩატბოტების ზრდამ შენელების ტენდენცია გამოავლინა. ამ უკანასკნელის ვიზიტორების რიცხვი 2023 წლის აპრილში 12.6%-ით გაიზარდა, რაც მარტის 55.8%-თან, თებერვლის 62.5%-თან და იანვრის 131.6%-თან შედარებით მოკრძალებულად მოსჩანს.
ამ ეჭვების მიუხედავად, ჩატბოტების ბაზარს საფრთხე არ ემუქრება. ხელოვნური ინტელექტი დაუკავშირდა ჯანდაცვას, გაყიდვებს, ფინანსებს, მედიას, გართობასა და ტურიზმს. ყველა ჩამოთვლილი სექტორი ბაზრის ზრდასა და AI ჩატბოტების მომავალს უზრუნველყოფენ.
“მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი განვავითარო. ნებისმიერი განახლება ან განვითარება OpenAI-ის მკვლევრებისა და ინჟინრების შრომითა და ძალისხმევით მოდის. შესაძლებელია, რომ ჩემს შემდეგ მოდელებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა ამის შესახებ მე ინფორმაციას არ ვფლობ”, — გვიპასუხა ChatGPT-მ კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ მისგან მომავალში.
მიუხედავად ორაზროვანი პასუხისა, ფაქტია, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უსაზღვროა და მისგან მხოლოდ პროგრესს უნდა ველოდოთ.