ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1%, თებერვალში 7.7% , ხოლო მარტში 9.0 %-ს შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, მარტის თვეში, მაღალი ეკონომიკური ზრდა საგარეო ვაჭრობამ და ტურისტების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
,,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში – 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.2%-ს შეადგენს”,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
„კომერსანტმა“ სავალუტო ფონდის პროგნოზის შეფასება ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს სთხოვა. მისი თქმით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ციფრებით ოპტიმისტურად გამოიყურება, მაგრამ ქვეყნის წინაშე არსებულ სტრუქტურულ გამოწვევებს ვერ ასახავს: პროდუქტიულობის მხრივ საქართველოს ჩამორჩენა აქვს და ამ მიმართულებით ცვლილება მხოლოდ ზრდადი შეიძლება იყოს. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებთან შედარებას, დასავლურ ქვეყნებთან ეკონომიკური ზრდის შედარება ხშირად შეცდომაში შემყვანია. განვითარებულ ეკონომიკებს პროდუქტიულობის მაღალი დონე უკვე მიღწეული აქვთ, რაც მათი ზრდის ტემპს ბუნებრივად ამცირებს.
,,5% თავის მხრივ ძალიან მაღალი ზრდა არ არის, პროდუქტიულობის რეზერვის გამო ჩვენს ეკონომიკას ამის შესაძლებლობა ისედაც ჰქონდა; სულ რომ მუხრუჭები დაადოს მთავრობამ 3%-იან ზრდას ისედაც მივიღებთ. პროდუქტიულობის ნაწილში მხოლოდ ჩამორჩენა გვაქვს და იქ მხოლოდ თუ გაუმჯობესდება სიტუაცია. ტურიზმის სექტორს რაც შეეხება, უკვე წლებია რამე მნიშვნელოვანი ზრდა არ ყოფილა. რაღაც რაოდენობის ტურისტები ყოველთვის გვეყოლება, რადგან მეტ-ნაკლებად ტურისტული ქვეყანა ვართ.
რადგანაც რეგიონის ნაწილად დასავლეთ ევროპაც მოიაზრება, მაღალი ზრდა ამ ქვეყნებში დიდი ხანია და არ არის, რადგან პროდუქტიულობის თვალსაზრისით იქ ეკონომიკა საკმაოდ პროდუქტიულია და უკვე ქმნის ერთ სულ მოსახლეზე ათი ათასობით და მეტ დოვლათს ვიდრე ქართული ეკონომიკა და მათ ეს რეზერვი, ჩვენგან განსხვავებით უკვე აღარ აქვთ; ამიტომ ევროპული ეკონომიკის ქართულთან შედარება ძნელია. ასევე უნდა გამოვყოთ, კონკრეტულად რომელ ქვეყანას ვადარებთ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად აზერბაიჯანს ეკონომიკური თავისუფლების პრობლემა აქვს, ხოლო თურქეთს – ლირის გაუფასურების პრობლემა აქვს.
იმათთან შედარებით ჩვენ, ცხადია, წინ ვართ, იმიტომ კი არა, რომ ამ ბოლო დროს წავიწიეთ წინ, არამედ, უფრო თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს“,- აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.
