„ყვარლის ბაგის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. “რძის სკანდალის” გამო, მას “უდიდესი რეპუტაციული ზიანი” მიადგა, თუმცა ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მიუხედავად ამისა, “ყვარლის ბაგის” შვილობილი კომპანია “რძის ლაბორატორიის” პროდუქციის “გაყიდვები ბოლო ხუთ დღეში 5%-ით გაიზარდა”. ამის შესახებ ლაშა პაპაშვილმა BMG tv-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დიდი ოჯახი მაქვს, ყველაზე დიდი მტკიცებულება ამ ყველაფრის ირგვლივ, რაც მოქალაქის ნდობის, არ რწმენის ირგვლივაა, ჩემი ოჯახია. 5-დან 23 წლამდე 7 შვილი მყავს – ჩვენ მივირთმევთ ამ პროდუქტს. ჩემს შემოგარენში, ჩემი თანამშრომლები, მეგობრები, ახლობლები ყველანი ამ პროდუქტს მივირთმევთ“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ბიზნესმენი რეპუტაციული ზიანის მიყენებაში მედიასაშუალებებს ადანაშაულებს და აპირებს, უჩივლოს.
– დარწმუნებული ვარ, ე.წ. რძის სკანდალი შემდეგ ბევრს გაუჩნდება კითხვა – როგორ გენდონ თავიდან, რომ თქვენი კომპანიის პროდუქცია უსაფრთხოა…
– მაშინ უნდა გახსნათ ჩემი გაყიდვები, ბოლო 5 დღეში ჩემი გაყიდვები 5%-ით გაიზარდა…
– “სანტეს” და “სოფლის ნობათის” გაყიდვების ტენდენციაც ხომ არ მოგიკითხავთ?
– “სანტეს” ჩემგან [რძის] შესყიდვა არ შეუწყვეტია, “პეპსიკოს” [სოფლის ნობათი] დიდი პრობლემები აქვს, ამიტომ ყველამ მხარი დაუჭირეთ, რათა ბაზრიდან არ გავიდეს; ის უმსხვილესი მსოფლიო მოთამაშეა.
– რეპუტაციული ზიანი, რომ თანხაში გამოსახოთ, 5 მლნ ლარი, რომელსაც კომპანია “ჩირინასგან” ითხოვთ, უფრო მეტია თუ ის რეპუტაციული ზიანი, რაც „ყვარლის ბაგას” ამ დღეებში მიადგა?
– მე არაფერი დამიჯდება… მე “ფორმულას” და “რადიო თავისუფლებას” უნდა მოვუგო, რომ რა რეპუტაციული ზიანიც მომაყენეს, ეგეც აანაზღაურონ.
– ანუ რეპუტაციული ზიანი საერთოდ არ მიგიღიათ?
– როგორ არ მიმიღია რეპუტაციული ზიანი, უდიდესი ზიანი მივიღე.
– რა უფრო ძვირია 5 მლნ თუ ის რეპუტაციული ზიანი, რაც მიიღეთ?
– ძალიან დიდი ზიანი მივიღე; თუმცა, დიახ, გაყიდვები გამეზარდა – ეს ფაქტია. კიდევ ერთხელ ვამბობ, აღდგომის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ღია კარის დღეებს, რომელიც პროფესიონალებისთვის იქნება.
რატომ აჭმევდა „ყვარლის ბაგა“ საქონელს “ჩირინასგან” ნაყიდ ქათმის ნაკელს 2018-2019 წლებში და იყენებდა თუ არა მერეც პირუტყვის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს? – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა „ყვარლის ბაგას“ მფლობელ ლაშა პაპაშვილთან ინტერვიუში. ბიზნესმენმა „წერტილში“ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც რამდენიმე დღის წინ, კომპანია „ყვარლის ბაგას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ 2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს გადამუშავებული ქათმის ნარჩენი დაემატა; თუმცა როგორც ლაშა პაპაშვილი ირწმუნება, მას შემდეგ, რაც კომპანია „ჩირინას“ მიერ მიწოდებულ ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკების კვალი აღმოაჩინეს, 2019 წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და მას შემდეგ „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნაკელი აღარ გამოუყენებია.
