თბილისის მერიის მიერ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის გამოცხადებას ოპოზიციაში აფასებენ – “ქართული ოცნების” ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კახა კალაძის მიერ გამოცხადებული ტენდერი გაუმჭვირვალეა.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ ტენდერში კონკრეტული დეტალები მითითებული არ არის, რაც მისივე შეფასებით, თბილისის მერიას მანიპულაციების სივრცეს უტოვებს.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კახა კალაძის უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ვადებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, სწორედ ამიტომ ბესო დონაძე ამბობს, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა წარიმართოს.
“კალაძის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი არის გაუმჭვირვალე და ისეთივე გაუმჭვირვალე, როგორიც არის ახლა ეს 47-მილიონიანი ტენდერი. გამოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინ, სამწუხაროდ, ცუდი და ტრაგიკული შედეგით დასრულებული რეაბილიტაცია არ არის ბოლომდე დასრულებული. ანუ, ის იყო პიარისთვის გაკეთებული, რომ კალაძეს 6-წუთიანი ვიდეო ჩაეწერა და მის facebook გვერდზე განეთავსებინა.
არ არის მითითებული ტენდერში, რომელი კონკრეტული შადრევანი კეთდება, ამიტომ კალაძეს აქვს მანიპულაციის საშუალება. თუ ვიტყვით იმას, რომ ის შადრევანი კეთდება, რომელიც წინა წელში გააკეთა, მას შეუძლია თქვას, რომ მე ამ შადრევანს არ ვაკეთებ, ვაკეთებ სხვა შადრევანს, ამიტომ ვთხოვთ ტენდერში იყოს დაკონკრეტებული, რომელი შადრევანი კეთდება. კორუფციული ეჭვია, რადგან ძალიან ხშირია გარიგებული ტენდერები. ასევე კალაძის გამოცხადებულ ტენდერებს პრობლემა აქვს ვადებთან დაკავშირებით, ანუ ვერასდროს ვერცერთი პროექტი თავისი ვადაში ვერ დაასრულა. ასევე, პრობლემებია ხარისხთან დაკავშირებით, მითუმეტეს ვაკის პარკთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს ძალიან ცუდი მოვლენები. ასე, რომ ეს ტენდერიც და სამუშაოებიც უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაკონტროლებული ძალიან მკაცრად”, – ამბობს ბესო დონაძე.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წინა ტენდერთან შედარებით, ახლანდელი ტენდერის თანხა 4-ჯერ არის გაზრდილი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს უჩენს ეჭვებს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებს ეხება.
“უცებ, ეხლა პრაქტიკულად 4-ჯერ გაზარდეს ტენდერის თანხა და თავიდან უნდა გაკეთდეს თურმე ყველაფერი. მცირე კასკადი, დიდი კასკადი, შადრევანი, მკვლელი შადრევანი, იმიტომ რომ მკვლელი მერი გვყავს. კარგი მშენებლები, კარგი შემსრულებელი ალბათ ძალიან სწრაფად დაასრულებდნენ ამ ვაკის პარკის რეაბილიტაციას, რომელიც აღარ დამთავრდა და ეს ყოველთვის იწვევს ეჭვებს, რატომ იყო 11, გახდა 12 და 47. სად მიდის ეს თანხები”, – ამბობს ვატო სურგულაძე.
ამავე პოზიციას იზიარებს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ტატა ხვედელიანი, რომელიც ასევე კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს.
“ბევრი გამოცხადებული ტენდერების ანალიზების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი დაინტერესება, რაც თბილისის მერიას კახი კალაძის მეთაურობით აქვს, ეს არის კორუფციული სქემები, რომელშიც ისინი ჩართულები არიან. სხვა ინტერესები მათ არ ამოძრავებთ. შესაბამისად, რჩება უსაფრთხოებრივი კომპონენტი ესე ღიად და ამას არავინ არ ამოწმებს და დგება ის შედეგები, რაც გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით “, -ამბობს ტატა ხვედელიანი.
წყარო: tvpirveli.ge
