45 ლარიანი ხაჭაპური არსებულ სერვისთან შედარებით შეუსაბამოა – შოთა ბურჯანაძე

როგორია წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონი და რა გამოწვევები არსებობს, ამ თემასთან დაკავშირებით, რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს ზამთრის კურორტების მხრივ რეალობა რთულია, რადგან ამ მხრივ საქართველოში არაერთი გამოწვევაა. მას ერთ-ერთ ძირეულ გამოწვევად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაუმართავი სერვისი მიაჩნია.
„ზამთრის კურორტზე არ გვხვდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისი. საქართველოს ზამთრის კურორტები, მსოფლიოში არსებულ სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით, შეიძლება იყოს ყველაზე იაფი, მაგრამ ყველაზე ცუდი ინფრასტრუქტურით და სერვისით და შესაბამისად, რაც არ უნდა ფასი იყოს მიმზიდველი, თუ ის სიამოვნება ვერ მიიღო ვიზიტორმა, რაც უნდა მიიღოს, არავითარი სურვილი არ ექნება ჩამოსვლის. ის 45 ლარიანი ხაჭაპურიც, არსებულ სერვისთან შედარებით შეუსაბამოა. ამით, ბიზნეს ოპერატორები იმ ტოტსვე ჭრიან, რომელზედაც თავად სხედან, რადგან გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს ეს ყოველივე. კვირის მანძილზე რამდენჯერმე შეიძლება დაიკეტოს კურორტზე მისასვლელი გზა, რაც ასევე დიდი დისკომფორტია“
მისი თქმით, შეინიშნება პროფესიონალი მუშახელის ნაკლებობაც.
„ ჭირს პროფესიონალი მუშა ხელი. ადამიანები რომლებიც გარკვეულწილად საქმდებიან ასეთ კურორტებზე დროებით (სეზონურად), არ იძლევა იმ სერვისის მიწოდების შესაძლებლობას, რაც საჭიროა. ყველა შეჩვეულია, რომ ზამთრის კურორტი შედარებით ძვირიანია, თუმცა ეს იმაზე ბევრად მეტი არ უნდა იყოს, როგორი სერვისის და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობაცაა.“
შოთა ბურჯანაძეს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს და აღნიშნავს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი აქტივობები გვაძლევს იმის წარმოდგენის შესაძლებლობას, რომ ზაფხულის სეზონი უკეთესი იქნება.