40-ზე მეტმა სახელმწიფომ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებებზე და განაცხადა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ევროკავშირის ქვეყნები შეუერთდნენ აშშ-ს, ბრიტანეთს, უკრაინას, ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას და ნორვეგიას 4 მარტს, აღშფოთების გამოხატვაში ნავალნის სიკვდილზე.
ევროკავშირის ელჩმა, ლოტე კნუდსენმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 43 ქვეყნის სახელით უთხრა, რომ რუსეთმა “უნდა დაუშვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება [ნავალნის] უეცარი სიკვდილის გარემოებებზე”, რომლებსაც მიიჩნევენ “კიდევ ერთ ნიშნად რუსეთში გაძლიერებული და სისტემური რეპრესიებისა”.