ჟურნალისტი და „TV პირველის“ წამყვანი, ვიკა ბუკია 4000 ლარით დააჯარიმეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით თეთრაულმა გამოაცხადა.
ვიკა ბუკიამ 30 მაისს გააზიარა ვიდეო წარწერით „მონამ ჩამიარა“. ამ კადრში მარიამ ლაშხი ჩანდა.
6 ივნისს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მან არ დააკონკრეტა სახელები და გვარები.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში. ამ ტიპის საქმეებზე 12 ივნისს ოცამდე ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა:
· ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი;
· ვახო სანაია – ჟურნალისტი;
· ვიკა ბუკია – ჟურნალისტი;
· დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი;
· ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი;
· მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი;
· თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკოსი;
· ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი;
· ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი;
· ალეკო ელისაშვილი – პოლიტიკოსი;
· ანა სუბელიანი – აქტივისტი;
· ბაია პატარაია – აქტივისტი;
· დავით ქაცარავა – აქტივისტი;
· გიორგი ქადაგიძე – აქტივისტი;
· ქეთი მოლაშვილი – აქტივისტი;
· ირაკლი გვალია – აქტივისტი;
· მარიამ გეგუჩაძე – აქტივისტი;
· გიგა მაქარაშვილი – აქტივისტი;
· გიორგი ტუმასიანი – აქტივისტი.
სასამართლომ მათ ნაწილს უკვე დააკისრა ჯარიმა.
კანონი, რომლითაც აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს აჯარიმებენ „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თებერვალში მიიღო. ცვლილება შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და დაემატა 17316_ე მუხლი – სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
· 17 მაისს მარიამ ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას – მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.
