ევროპარლამენტმა 400 ხმით, 63-ის წინააღმდეგ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ.
რეზოლუციით, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ იყენებენ ტერმინებს, როგორიცაა „თვითდანიშნული“, „თვითმარქვია“ და „თვითგამოცხადებული“.
ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სანქციების დაწესებას როგორც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესმენებისა და პროპაგანდისტების მიმართ.
რეზოლუცია მოუწოდებს როგორც ვიზალიბერალიზაციის, ისე საქართველოსთან 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების გადახედვისკენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებით გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას და გაიმეორა კონსპირაცია „დიფ სთეითის“ გავლენების შესახებ.
„ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას. როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით. ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება — „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“. ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამ თემაზე:
კობახიძე ევროპარლამენტში პრორუსული ჯგუფის რეზოლუციის პროექტს პროქართულს უწოდებს
