საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბოლო ორი წელია იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა გაიზარდა ღირებულება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 40.7 მლნ დოლარის ღირებულების 10 642 ტონა მეორეული ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს კი 34.5 მლნ დოლარის ღირებულების 10 882 ტონის. შესაბამისად, თუ 2022 წელს ქვეყანა ერთ ტონა მეორეულ ტანსაცმელს საშუალოდ, 3170 დოლარად ყიდულობდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 3824 დოლარამდე გაიზარდა.
გასულ წელს ყველაზე მეტი მეორეული ტანსაცმელი ბელგიიდან (2 მლნ დოლარი), გერმანიიდან (1.3 მლნ დოლარი) და იტალიიდან (1.1 მლნ დოლარი) შემოვიდა.
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი მეორეული ტანსაცმელი შემოაქვს:
შპს არჩგრუპი – კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინა 4 882 973 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ კი 3 098 966 ლარი. ხარჯების დაფარვის შემდეგ, კომპანიამ 2022 წელი 1.4 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ფერიდე ცანავა, ხოლო დირექტორი მიხეილ ზურაბაშვილია.
შპს ნავნე – 2022 წელს კომპანიის შემოსავალმა 26 417 110 ლარი შეადგინა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ კი თითქმის 10 მლნ ლარი. „ნავნემ“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა როგორც იმპორტირებული ტანსაცმლით, ასევე ფეხსაცმლით, კოსმეტიკური და პარფიუმერიის ნაწარმით, 2022 წელი 6 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. კონკრეტულად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს 14 მლნ-ს გადააჭარბა, თვითღირებულება კი 5.5 მლნ ლარს შეადგენდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 50-50%-იანი წილები ეკუთვნით ეკატერინე ნადირაძეს და დავით გიგაურს. „ნავნეს“ დირექტორიც ეკატერინე ნადირაძეა.
შპს მარინა – კომპანიის, რომლის ძირითადი საქმიანობა არის საბითუმო ვაჭრობა მეორადი საქონლით, შემოსავალმა 2022 წელს თითქმის 8.4 მლნ ლარი შეადგინა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 8 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, კომპანიამ 2022 წელი მხოლოდ 249 302 ლარის წმინდა მოგებით დახურა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანია ეკუთვნის მარინა ტაველიძეს, დირექტორი კი ვალერი ნადირაძეა.
შპს კავლათექს ჯორჯია – კომპანიამ 2022 წელს საქონლის მიწოდებიდან 4.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება კი 3 მლნ ლარამდე იყო, რაც შეეხება მოგებას, 259 904 ლარის შეადგინა. კომპანიის მფლობელები და დირექტორები უკრაინის მოქალაქეები მოჰამად კავლა (95%) და მუსტაფა კავლა (5%) არიან.
შპს ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია – ფინანსური მაჩვენებლები გასაჯაროებული არ აქვს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ეს უკანასკნელი ლიეტუვაში რეგისტრირებულ ჰუმანას მეორადი დაფინანსების მოძიების პროექტებს ეკუთვნის, დირექტორია თურქეთის მოქალაქე – ბორა კარამანლი.
შპს ბორა – ფინანსური მაჩვენებლები გასაჯაროებული არ აქვს. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი კობა დავაძეა.