40-ზე მეტი ორგანიზაცია და 24 000-ზე მეტი ცხოველთამოყვარული აქტივისტი/მოქალაქე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, ჩანაწერი ძაღლების კონკრეტულ ობიექტებთან სიახლოვეს დაბრუნებაზე ბუნდოვანი (არ არის დაკონკრეტებული, რა სიახლოვეზეა საუბარი) და აზრს მოკლებულია.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნავენ, რომ სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას.
2025 წელს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონისა და 2025 წლის 26 ივნისის N1019 განკარგულების საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. განკარგულება მოიაზრებდა 9 000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან.
ათობით აქტივისტის ცნობით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა. მიმკედლებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფელზე.
სააგენტოს, ასევე, მასობრივად მიჰყავდა უკვე სტერილიზებული (და შესაბამისად საჭდით მონიშნული) ცხოველები. შედეგად, იფლანგებოდა ბიუჯეტი, ცხოველები კი ტყუილუბრალოდ ხვდებოდნენ თავშესაფარსა და ტრანსპორტში, სადაც ადვილად ვრცელდება ვირუსები (განსაკუთებით ძაღლის ჭირი და ცოფი). ასეთ შორ მანძილზე გადაადგილება და უამრავ უცხო ცხოველთან დაყოვნება არის დამატებითი სტრესი, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანურ მიდგომას.
ახალი განკარგულებით, 36,000-ზე მეტი მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება იმავე ლოგისტიკური სქემით.
ახალი განკარგულების (N412) მიხედვით (მუხლი 3, პუნქტი 3) “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.”
ეს ჩანაწერი არა მხოლოდ ბუნდოვანია (არ არის დაკონკრეტებული, რა სიახლოვეზეა საუბარი), არამედ აზრს მოკლებულიც. თუ ძაღლს კონკრეტული ტიპის დაწესებულების სიახლოვეში არ დავაბრუნებთ, მის ადგილს დაიკავებს სხვა მიუსაფარი ცხოველი. რაც მთავარია, ვშიშობთ, რომ განკარგულების ამ ჩანაწერის საფუძველზე კიდევ მეტი მიუსაფარი ცხოველი გაუჩინარდება.
ჩვენ, ცხოველმოყვარული აქტივისტები, მოქალაქეები და ორგანიზაციები, მივიჩნევთ, რომ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის გადასაჭრელად.
პრობლემის ჰუმანურად მოგვარება რამდენიმე წელშია შესაძლებელი მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციით, გამრავლების შეზღუდვით და ა.შ. თუმცა ჩვენ მოვითხოვთ შემდეგ ცვლილებებს აღსრულებაში, კანონსა და განკარგულებებში:
- თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო უნდა იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ცხოველი კარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა. საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს. “პირვანდელ არეალში დაბრუნების” ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
- სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ: ა) თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა უნდა ჩატარდეს ადგილზევე; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და მობილურ კლინიკებთან.
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი,” – ნათქვამია განცხადებაში.
[ხელმომწერთა სია განახლებადია]




