წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი ისტორიულ მამულში 4-14 სექტემბერს ჩატარდება. ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებს და სოლისტებს, ტრადიციულად პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარუდგენს.
წინანდლის ფესტივალის 2025 წლის სეზონი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობით გაიხსნება. სოლისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად, ისინი შეასრულებენ ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს.
მე-7 საფესტივალო სეზონი 20-ზე მეტ ღონისძიებას უმასპინძელებს. დღის და საღამოს კონცერტებს დაეთმობა 1200 ადგილიან ამფითეატრი და 600 ადგილიანი კამერული მუსიკის დარბაზი. ამ პერიოდში, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორებისა და შემსრულებლების ვარსკვლავური შემადგენლობა წინანდლის ისტორიულ მამულში მოიყრის თავს. მუსიკის მოყვარულების წინაშე წარსდგებიან: დანიელ ბლენდალფი, მარკ ბუშკოვი, მიხაელ გუტმანი, ალექსანდრა დოვგანი, გიორგი გიგაშვილი, ცოტნე ზედგინიძე, ჟულიენ კანტანი, ბრენდან კეინი, დანიელ ლოზაკოვიჩი, ნიკოლაი ლუგანსკი, მიშა მაისკი, იამენ საადი, სარა ფერანდესი, პაბლო ფერანდესი, სერ ანდრაშ შიფი, ჩინ ჯაო.
ფესტივალს წელს პირველად შეუერთდება იერუსალიმის სიმებიანი კვარტეტი. სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი ტრადიციულად გამართავს კონცერტს ფესტივალის სტუმრებისთვის. ფესტივალს დასამახსოვრებელ საღამოებს შემატებენ დამატებითი კონცერტები – ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ფესტივალის რეზიდენტი, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან და სხადასხვა ქვეყნიდან – თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. დამწყებ შემსრულებლებს საშუალება ეძლევათ ერთთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ დირიჟორებთან, სოლისტებთან და უმაღლესი კლასის პედაგოგებთან მუშაობით, უნიკალური გამოცდილება მიიღონ.
14 სექტემბერს ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან პაბლო ფერანდესი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელსაც დირიჟორი დანიელ ბლენდალფი პირველად უხელმძღვანელებს. ფესტივალის მეშვიდე სეზონს მალერის პირველი სიმფონია დახურავს.
დაარსების დღიდან წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ მასშტაბური მუსიკალური პროექტის წარმატებაში და ფესტივალის საერთაშორისო აღიარებაში. სილქნეტი 2019 წლიდან წინანდლის ისტორიულ მამულში აკავშირებს ახალგაზრდა ტალანტებს, მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს, კლასიკური მუსიკის შედევრებს, განუმეორებელ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, სტუმართმასპინძლობას და ჯადოსნურ, დაუვიწყარ დღეებს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს.
(R)
