თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4 000 ლარით დააჯარიმა ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიწყო, რომელიც ოცნების დეპუტატს, მარიამ ლაშხს შეეხებოდა.
“მონას სახლთანაც მიუწერეს, ვინ და რაც არის” – ეწერა მიშველაძის სტატუსში.
თავად ეკა მიშველაძე სასამართლო სხდომას დღეს არ დასწრებია, ის სხდომაზე მივიდა გუშინ, 12 ივნისს, როცა ამ საქმის განხილვა დაიწყო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში. ამ ტიპის საქმეებზე 12 ივნისს ოცამდე ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა.
· ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი;
· ვახო სანაია – ჟურნალისტი;
· ვიკა ბუკია – ჟურნალისტი;
· დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი;
· ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი;
· მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი;
· თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკოსი;
· ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი;
· ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი;
· ალეკო ელისაშვილი – პოლიტიკოსი;
· ანა სუბელიანი – აქტივისტი;
· ბაია პატარაია – აქტივისტი;
· დავით ქაცარავა – აქტივისტი;
· გიორგი ქადაგიძე – აქტივისტი;
· ქეთი მოლაშვილი – აქტივისტი;
· ირაკლი გვალია – აქტივისტი;
· მარიამ გეგუჩაძე – აქტივისტი;
· გიგა მაქარაშვილი – აქტივისტი;
· გიორგი ტუმასიანი – აქტივისტი.
· ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის თებერვლის დასაწყოსში 17316_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
· 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას – მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.
ფორუმი
