4 პოლიტიკური კოალიცია ეუთო/ოდირს სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს

4 პოლიტიკური კოალიცია ეუთო/ოდირს ერთობლივი წერილით მიმართავს და “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს.
ამის შესახებ 4 კოალიციის ერთობლივ ბრიფინგზე კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
ის ამბობს, რომ მისიას უნდა ჰქონდეს 2 მიზანი – შეისწავლოს საარჩევნო კანონდარღვევები და ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს.
მისივე თქმით, წერილს თან ახლავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეპორტი, სადაც “ახსნილია ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას”.
“ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის, ერთობლივად მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციებიც უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში. დღეს ჩვენ დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს, ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა პირველად 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის კანონდარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ სამართლიანი და თავისუფალი ს ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე – შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს.
წერილს თან ახლავს საია-ს რეპორტი, სადაც ახსნილია ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, თუ როგორ გამოუცხადა ივანიშვილმა ომი ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, ისევე როგორც სძულდა სტალინს, შესაბამისად, ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილი, რომელიც სულ მალე იქნება ეუთო/ოდირის მეილებზე გაგზავნილი. ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს უწესდება სანქციები”, – თქვა გიორგი ბუტიკაშვილმა.