გაოგნებული ვუყურებ ხოლმე რიგ ქართველ ოპოზიციონერთა სატელევიზიო გამოსვლებს. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ მთავარი და არამთავარი აურიონ ერთმანეთში და შედეგად პასუხისმგებლობას სრულად გაექცნენ.
4 ოქტომბრის შესახებ მსჯელობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა გადახერხილი ღობის საკითხი! თურმე, ავტორიტარულმა რეჟიმმა სპეციალურად შეარჩია ტაქტიკა, რომელიც უმტკივნეულო მოგერიების ნაცვლად რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაპატიმრება-გაუბედურებას ემსახურებოდა! თურმე, ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისი მსახურები ორმაგ აგენტებად გამოიყენა, რათა ოპოზიციისთვის მახე დაეგო. ხელისუფლებისგან ამგვარი ქმედება მოულოდნელი იყო?! სხვა რამეს ელოდით?! არც აგენტებს შეამოაგზავნიდა, ოპოზიციისთვის სასარგებლო ტაქტიკას აირჩევდა და ხალხასაც დაინდობდა … ასე იცნობთ მათ! იქნებ კარის გაღებას, ნუგბარის განაწილებასა და ხელისუფლების უმტკივნეულოდ გადმობარებასაც ელოდით?! მთავარი საკითხი სხვა რამაა! როდესაც “ხავედრდოვან რევოლუციას” გეგმავ, ამბობ, რომ ოთხში ვიწყებ და ოთხში ვამთავრებო, უამრავი დეტალი უნდა გქონდეს გათვალისწინებული, ორმაგი აგენტებისა და პოლიციის კეთილშობილებაზე არ უნდა იყო დამოკიდებული, მასობრივი მობილიზაციას თუ ვერ ახერხებ, დისციპლინირებული, კარგად მომზადებული, ერთმანეთთან კარგად შეკავშირებული ავანგარდი მაინც უნდა გყავდეს. მთავარი საკითხი ღობე კი არა, “რევოლუციონერთა” ზედაპირულობა, უპასუხისმგებლობა, ავანტიურიზმი უნდა იყოს, რომელიც აძლიერებს, კიდევ უფრო მეტი აღვირახსნილების უფლებას აძლევს ცინიკურ, სასტიკ, ერთი კაცის მოლანდებებზე დაფუძნებულ ძალადობრივ მმართველობას. ხელისუფლება რომ ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელია (გაუპატიურების მუქარა, წამება) ვიცით…. საქმე ის არის, გავარკვიოთ რა მეთოდებით, რამდენად გონივრული და შედეგიანი ინსტრუმენტებით ვუპირისპირდებით ამ ხილულ, ცხად ბოროტებას! თუ ჩვენი ბრიყვული ჩანაფიქრი რეჟიმს აძლიერებს და ორმოცზე მეტ ადამიანს აუბედურებს, ხუთი და მეტი წლით უშვებს ციხეში, ამაზე ვინ აგებს პასუხს? მხოლოდ ღობე და მხოლოდ ხელისუფლება, რომლის სიავეში თითქმის ყველა დარწმუნდა… ეჭვი არ მეპარება, რომ “ქართული ოცნება” ადრე თუ გვიან მაინც გაამკაცრებდა კანონმდებლობას. მათ ტვინში სისხლი ექცევათ, როდესაც გადაკეტილ რუსთაველს უყურებენ, პოზიტიური ალტერნატივის წარმოქმნის შესაძლებლობას ამჩნევენ… უკვე ვხედავთ, რომ ქოცების მიზანია სრულად აკრძალონ პროტესტი, აკრძალონ მათთვის მიუღებელი ოპოზიცია და ოპონენტებიც კი თავად დანიშნონ, დააკანონონ ძალმომრეობა, ავტოკრატია… უბრალოდ, ერთი რამ ცხადია, 4 ოქტომბრის ავანტიურამ პროცესები დააჩქარა და ოდნავ უკეთეს პირობებში წინააღმდეგობის რამდენიმე თვე წაართვა საპროტესტო მოძრაობას. შეიგნეთ! “ქართული ოცნების” ბარბაროსობა ყველას ყელში ამოუვიდა, უმრავლესობა მათ წინააღმდეგაა, თავად ამ პარტიის პასიური მხარდამჭერებიც მზად არიან პირველსავე მეტ-ნაკლებად გამართულ ალტერნატივას მიემხრონ! უბრალოდ, ანტიქოცურ უმრავლესობას ორგანიზება სჭირდება, რაც პასუხისმგებლობის, სერიოზულობის, გონიერებისა და თავმდაბალი, თვითკრიტიკული ძალების გარეშე შეუძლებელია.
ორგანიზებულ უმრავლესობას რევოლუცია არ სჭირდება რეჟიმის ჩამოსაშლელად … უთანასწორო არჩევნებშიც ახერხებს მის გადამსხვრევას.
