4 ოქტომბრის საქმის პროკურორი ადვოკატს – სინდისი თუ არ გაწუხებთ, დიდი პრობლემა გაქვთ არა მარტო პროფესიონალიზმში, არამედ ადამიანობაში

სინდისი თუ არ გაწუხებთ, დიდი პრობლემა გაქვთ არამარტო პროფესიონალიზმში, არამედ ადამიანობაში. ეს არის ძალიან დიდი უზრდელობა!- ასე მიმართა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულების ერთ-ერთმა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს სასამართლო პროცესზე.
პროკურორის ეს განცხადება ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ ბრალდების მხარის მისამართით გაკეთებულ რეპლიკას მოჰყვა, სადაც ადვოკატმა პროკურორების სინდისზე მიუთითა.
თამარ ბეჟუაშვილმა ადვოკატს პატივისცემის გამოჩენისკენ მოუწოდა.
„ეს არის უზრდელობა, სხვა თუ არაფერი. სინდისი თქვენ თუ არ გაწუხებთ, დიდი პრობლემა გაქვთ არამარტო პროფესიონალიზმში არამედ ადამიანობაში. ეს არის ძალიან დიდი უზრდელობა. რაღაცას ეცით პატივი სულ მცირე”,- განაცხადა პროკურორმა.
თავის მხრივ, შოთა თუთბერიძემ მას უპასუხა, რომ პატივისცემას იჩენს, მოწმეებს კი, შეკითხვებს საქმის გარშემო უსვამს.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით იკითხება სასაქონლო ექსპერტი შალვა კინწურაშვილი, რომელიც ნივთის ღირებულებას ითვლის. მისი თქმით, დაზიანებულ მდგომარეობაში დაათვალიერა პრეზიდენტის სასახლის ღობე.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მას არაერთი შეკითხვა დაუსვა, მათ შორის ჰკითხა, ასახა თუ არა ექსპერტიზის დასკვნაში, ვის ესაუბრა დაზიანებულ ღობესთან დაკავშირებით, ეს იქნება შემდუღებელი, ხელოსანი თუ ა.შ. რომელთა მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაითვალა ზარალის ღირებულება.
„მოწმე პასუხისმგებელი ვერ იქნება სხვა ექსპერტებს რა გაეპარათ და რა არა…“,- განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.