დღეს, 8 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების სხდომაზე, განცხადებები გააკეთეს საქმის ფიგურანტებმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა იმ ვიდეოზე, რომელიც „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ სახელით გავრცელდა აქციის დაწყებამდე – რაც მტკიცებულების სახით ჰქონდა წარდგენილი სხდომაზე პროკურატურას. სხდომას არ დასწრებია „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
„დაკითხულიც კი არ ვარ ამ თემასთან დაკავშირებით, არავის უკითხავს, მინდა გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, ყველა იქ იყო მისული და იქ ჯობდა მივსულიყავი. კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა”, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.
მისი სიტყვებით, პროფესიით იურისტია, შესაბამისად, მისი თქმით, წინასწარი ორგანიზებისთვის საჭიროა წინასწარი შეთანხმება, გადაწყვეტილების მიღება, რაც არ მომხდარა.
“თავიდან სურათის გადაღებაზე იყო ლაპარაკი, ფოიეში ვიდექი და მკითხეს, სურათის გადაღებისთვის თუ ვიყავი მზად. მერე თქვეს, ეს სურათი არაფერს არ გვაძლევსო და რამე ვიდეო ჩავწეროთო და რაღაც ვთქვათო. ეს იყო და არაფერი სხვა.
ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონო. ესეც მითქვამს, რომ ეს არ არის ხუმრობა. ამის იქით შინაარსი ამ ვიდეოს არ გააჩნია. არანაირი ორგანიზება, წინასწარი განზრახვა, როლების განაწილება, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. იმ დღეს ყველა შეხვედრაზე ვამბობ, რომ არანაირი ორგანიზატორი მე არ ვარ… ყველგან ვამბობ, რომ მე არ ვარ ორგანიზატორი. პროკურატურამ როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ”, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, “უწყინარი პერფორმანსის გამო”, რომელიც არც კი იცოდა, “თუ დაიდებოდა საჯარო სივრცეში”, არაფერს მოელოდა.
“უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩამწერეს. ვიდეო და ფოტო გადავიღე. არ ვიცოდი, ვერ წარმომედგინა… არანაირ წინააღმდეგობაზე, რამის დაგეგმვაზე, დამხობაზე, მით უმეტეს, 14 წლის ბავშვთან ერთად ვიყავი აქციაზე. ვერ იპოვით ერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ რაიმე შეკრება, სადაც გაიგებდა ამ ხალხის და ჩემი მონაწილეობით რამეს, ესაა აბსურდი. ნებისმიერ ადამიანს ასეთი სტანდარტით გამოაცხადებთ დამნაშავედ, მით უმეტეს, არავინ დაცული არაა“, – თქვა მანჯგალაძემ.
მანვე განმარტა, რომ წარმოდგენილი ვიდეო მისთვის სასარგებლო არგუმენტად უფრო გამოდგება.
“პოლიტიკოსი ვარ, მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხთან უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ვინმეს ცეცხლის კალოს მოწყობა უნდოდა. ადამიანი, პოლიტიკოსი ხალხთან ერთად უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ რამე დაგეგმა. ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ სადმე რამე დავგეგმე.”
საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ერთადერთი, რაზეც ობიექტურად მსჯელობაა შესაძლებელი, არის ის, გამოიწვია თუ არა მისმა განცხადებამ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, რასაც მას პროკურატურა ედავება.
ზოდელავას თქმით, ეს იყო “სპონტანური, გულწრფელი პროტესტი, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, იმიტომ რომ იყო კრეატიული მესიჯები”. მისი სიტყვებით, აქციას ახლდა “მითოლოგიური შლეიფი”, რომ თითქოს ვიღაც თანამდებობის პირი ეხმარებოდათ, რაც “აბსურდია”.
“ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ [ბიძინა] ივანიშვილი [პაატა] ბურჭულაძის მეგობარი გახდა”.
ზოდელავას თქმით, მისი, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის განცხადებები იყო საჯარო პოლიტიკური განცხადებები, “რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში, სხვანაირი აქცია, პროტესტი ამ ქვეყანას უბრალოდ არ ახსოვს, სადაც არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”.
“… რაც შეეხება ორგანიზებას, გეუბნებით, ყველაფერი იყო საჯარო, საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები, ბევრი მითი შეიქმნა, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა გარკვეული მიზნებით ატრიალებდა და ამას შეეწირა კონკრეტული ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ბაჩო ახალაიას ვგულისხმობ”, – თქვა ზოდელავამ.
მან “საკვანძო” უწოდა ეპიზოდს, რომელშიც ის ათონელის ქუჩისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდა ხალხს.
“პირველად ვიყავი აქციაზე მიკროფონთან…ჩემი გამოუცდელობით იმგვარად იქნა მოწოდება ჩემი, რომ მართლა შეიძლება ობიექტურად მიმდინარეობდეს მხოლოდ ამ საქმეზე მსჯელობა, ბლოკირება თუ რაც არის ეს მუხლი, მართლა შეიძლება, გამოიწვია თუ არა ამ ადამიანის უნებლიე ვორდინგმა, ამაზე მსჯელობა მართლა ობიექტურად შეიძლება ერთადერთ მუხლზე, 19-222-ე მუხლზე. ამაზე უნდა ვდავობდეთ, ჩემმა მოწოდებამ ახალი ლოკაციის ათვისებისა, გამოიწვია თუ არა .. ჩემმა არასწორმა, გამოუცდელი ადამიანის განცხადებამ გამოიწვია თუ არა 19-222“, – თქვა ზოდელავამ.
მან ასევე ისაუბრა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლესთან მისვლის ეპიზოდზეც.
“მე და ირაკლი [ნადირაძემ] ადმინისტრაციის ღობეს გადავაბიჯეთ, არ გამიცნობიერებია, ის ღობე იყო თუ რა, როგორც გამოუცდელი აქციის წამყვანი, მივედი, რომ ჩემი გადმოსახედიდან მესამე ლოკაცია აგვეთვისებინა. ეს იყო დილიდან ჩემი შეგრძნება, თუ დაგვარბიეს, მეც უნდა დამარბიონ, რაღაც ზიანი მეც უნდა მიმეღო. ერთადერთი, რაც შემეძლო, ის იყო, მეც დარბეული ვყოფილიყავი. არანაირი ღობე იქ არ იყო, გადავაბიჯე და შევედი, ჩავთვალე, რომ ჩემი ადამიანური ვალი მოხდილი მქონდა, ჩემი მოქმედების მოტივი ეს იყო. 70-მდე ადამიანი ციხეშია, გაუბედურებული და თავზარდაცემულია. მოტივი ხომ შეიძლება გამოიკვლიოთ, რატომ მოვედით რუსთაველზე?” – თქვა ზოდელავამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის მორღვევის ეპიზოდზე საუბრისას, საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ თქვა, რომ “რომ ჩავედით იმ ღობესთან, ის ღობე იყო უკვე გადანგრეული”.
“გამოჩნდება რეალურად, რომ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, ღობე იყო გადანგრეული და ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, როგორც რიგითი მომიტინგისთვის ან თუნდაც როგორც ორგანიზატორისთვის, თუ ამას ამბობთ, ეს ხალხი დაეჭირათ და მე გარეთ დავრჩენილიყავი, ეს წარმოუდგენელი იყო სუფთა ადამიანურად”, – თქვა ნადირაძემ.
4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადების შეფასებისას თქვა, რომ “მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა”.
მანვე მედიასთან კომენტარი გააკეთა თავდაცვის ყოფილი მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია 4 ოქტომბრის საქმეზე წაყენებული ბრალდებით.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ჩანაწერი, რაც დაადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიას კავშირი ჰქონდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან, თამარ ბეჟუაშვილმა თქვა, რომ „ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს”. ამასთან შეკითხვაზე, რა სტატუსი აქვს ამ საქმეში ბაჩო ახალაიას ცოლს, ანი ნადარეიშვილს, პროკურორმა თქვა, რომ ანი ნადარეიშვილმა დაკავებისთანავე ბრალდებულის სტატუსი შეიძინა, მაგრამ შემდეგ გათავისუფლდა.
„ბრალდებულის სტატუსს ადამიანი იღებს დაკავების დროსაც და მათ შორის, ბრალის წარდგენის დროსაც. პირს ბრალდება არ წარდგენია ამ ვადაში და იგი დაკავებიდან გათავისუფლდა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს აქვს ახლა გარკვეული ვადა“, – განაცხადა პროკურორმა. დამაზუსტებელო კითხვაზე, აანონსებს თუ არა პროკურატურა, რომ ანი ნადარეიშვილს ბრალს წაუყენებს, პროკურორმა განმარტა, რომ უწყება „ჯერჯერობით არაფერს არ აანონსებს“.
4 ოქტომბერს თბილისში, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით. პოლიციამ ამ საქმეზე დააკავა 60-ზე მეტი, პროკურატურამ კი ბრალი წაუყენა 64 ადამიანს.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობის” მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, “გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები”, სასახლის “ჯებირების” გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი




