4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაკავებულთა სახელის და გვარის ინიციალებია: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ.
„ამ დროისათვის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში, უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო სამი პირის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული სამი პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, — განაცხადა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ოქტომბერს, დააკავეს კიდევ 13 ადამიანი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
· 317-ე – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლამდე ვადით);
· 222-ე – სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება (ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით);
· 225-ე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მასში მონაწილეობა (ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით);
· 187-ე – ნივთის დაზიანება, ან განადგურება (ითვალისწინებს პატიმრობას 1-დან 5 წლამდე).
ამავე საქმის ფარგლებში 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს აქციის “საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, , მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
ზოდელავას, ბურჭულაძეს, ნადირაძეს და ბერიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ შემდეგი მუხლებით:
· 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· 225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. ბურჭულაძეს, ნადირაძესა და ზოდელავას დამატებით წარდგენილი აქვთ 317-ე მუხლი – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
რაც შეეხება მანჯგალაძეს, გამოძიება მას ედავება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.