4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – ის რუსთავის ქალთა დაწესებულებას დღესვე დატოვებს

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვალა.
ევა შაშიაშვილი რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას უახლოეს წუთებში დატოვებს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.
სხდომას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ევა შაშიაშვილი დისტანციურად ესწრებოდა.
შაშიაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა.
ადვოკატ მარიამ ხაჭაპურიძის თქმით, შაშიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობაში გაუარესდა, რის გამოც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით უნდა შეცვლილიყო.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულის და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შაშიაშვილმა აღიარა ბრალი და მტკიცებულებები უდაოდ ცნო, ბრალდების მხარე თანახმაა, ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო.
ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათი საქმეები 5 ეპიზოდად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბრალდებულ 15 პირს – გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.