რატომ ერთვებიან ბრალდებულები დისტანციურად, ამის მიზეზი რა არის? – ამ კითხვით 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა კახიძემ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მიმართა.
დღევანდელ სხდომას ბრალდებულები პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვებიან. დაკავებულებიც და მათი ადვოკატების პროცესის გადადებას ითხოვენ.
მოსამართლე ტყეშელაშვილის განმარტებით, „საბადრაგო სამსახურის მიერ დაკავებულების ეტაპირება ვერ განხორციელდა“.
„იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ განახორციელა ეტაპირება, მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილში მათ ჩართულობის შესაძლებლობას ართმევთ“, – განაცხადა კახიძემ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვლადიმერ გველესიანმაც პოზიცია დააფიქსირა.
„დისტანციურად დასწრების სურვილი არ მაქვს, ვითხოვ, დავესწრო ყველა პროცესს, დისტანციურად არ მინდა ჩართვა. ამ აზრზე ვართ ყველა“, – განაცხადა ვლადიმერ გველესიანმა.
პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს დანარჩენმა ადვოკატებმაც.
პროცესის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე, პროკურორმა განაცხადა, რომ პოზიცია არ ექნებოდა და გადაწყვეტილება მოსამართლეს თავად მიეღო.




