4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობდა.
საქმის პროკურორის თქმით, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.
გამოძიების ვერსიით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი შაიშმელაშვილმა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ასევე, ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში, დაკავებულია 62 ადამიანი. უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელთა შორის ერთ-ერთია ირაკლი შაიშმელაშვილი.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ირაკლი შაიშმელაშვილმა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო, ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ქვეყნის დატოვების შესახებ შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში 26 დეკემბერს დაწერა.
