4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გოგოლაძე ევა შაშიაშვილის გათავისუფლებაზე – ეს იყო დიდებული!

ეს იყო დიდებული, – ასე გამოეხმაურა ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ალექსანდრე გოგოლაძე, ამავე საქმეზე ბრალდებული ევა შაშიაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
შესაბამისი განცხადება მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
„ვიდრე სხდომა დაიწყება, მინდა რაღაც ვთქვა, არ ვიცი, ვის ეკუთვნის, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო შაშიაშვილის გათავისუფლებაზე, ეს იყო დიდებული”,- განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძემ.
პროკურატურას სხდომაზე ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი. ამ წუთებში, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის წინააღმდეგ მოპოვებულ კადრებს ათვალიერებენ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.