4 ოქტომბრის მოვლენების გამო ბრალდებული მოკრივე გიორგი კირვალიძე ციხიდან მიმართვას ავრცელებს

4 ოქტომბრის მოვლენების გამო ბრალდებული მოკრივე გიორგი კირვალიძე ციხიდან მიმართვას ავრცელებს. მისი წერილი სოციალურ ქსელში ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ გაავრცელა.
„მოგესალმებით ციხიდან
ყველამ ვინც მიცნობს, იცის, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბევრმა ახალგაზრდამ გაიარა ჩემს ხელში და სპორტის სიყვარულის გარდა, მიხარია, რომ შევძელი და ჩავუნერგე სამშობლოს და მოყვასის სიყვარული, რადგან ამის გარეშე, არც სპორტულ წარმატებას, არც საზოგადოებაში ადგილს აზრი არ აქვს და ვთვლი რომ ჩემი წილი აგური ქვეყნის მშენებლობაში მეც დავდე და იგივეს ვაგრძელებ.
სწორედ ის სპორტი, რომელსაც მე ვემსახურები სრულიად უანგაროდ, მასწავლიდა ყოველთვის დაჩაგრული და სუსტი ადამიანის დახმარებას.
ვერ დავხუჭე თვალი ძალადობაზე და სამწუხაროდ ჩემი სიმართლისა და პრინციპების გამო აღმოვჩნდი აქ.
არ მინდა იფიქროთ, რომ რამეს ვნანობ, პირიქით, აქ ყოფნის ყოველი დღე მარწმუნებს, რომ ვერანაირად ვიდგებოდი მეორე მხარეს და გავჩუმდებოდი.
არც აქამდე დამიხრია თავი და დამიხევია უკან იქ, სადაც საქართველოს და ქართველების ბედი წყდებოდა და მგონია, რომ ახლა ზუსტად ეს მომენტია და მოვუწოდებ სპორტულ საზოგადოებას გვერდით გადადონ პირადი კეთილდღეობა და დადგნენ სამშობლოსა და სიმართლის მხარეს.
პირველ რიგში მივმართავ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს და რასაკვირველია იმ საამაყო ნაწილს ვინც სპორტით ხალხის სიყვარული დაიმსახურა, საქართველო გააცნო მსოფლიოს და პატიოსანი და დაუღალავი შრომით, სამართლიანად, ბევრისთვის საოცნებო ცხოვრება შეიქმნა.
არ ვიცი როდის შევძლებ და დავუბრუნდები ჩემს საყვარელ ახალციხეს, ბავშვებს და დარბაზს, რომლის მშენებლობაშიც გარდა სოლიდური ფინანსებისა, დიდი სიყვარული და თავდადება ჩავდე.
მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა სირთულესა და გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდები, რადგან სიკეთე მუდამ ძლევს ბოროტებას, რადგან რაც არ გვკლავს მხოლოდ გვაძლიერებს და ვერც საკანში ჩემი ხანგრძლივი გამოკეტვით წამართმევენ თავისუფლების რწმენას.
აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას ვინც ფიზიკურად და მორალურად ჩემს გვერდით დგას. თქვენი თანადგომა კიდევ უფრო მეტად მაძლიერებს და სიმტკიცეს მმატებს.
და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს არსებობის მანძილზე უამრავი განსაცდელი და ღალატი უნახავს, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული დარჩა და გააგრძელა ისტორიის წერა.
ღვთისმშობლის მადლით მჯერა რომ ამ მძიმე პერიოდსაც გაუძლებს და ყველა ერთად შევძლებთ ნამდვილად მშვიდობიან, სამართლიან და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას.
ღმერთმა დალოცოს საქართველო.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე გამოსავალი არ იქნება, ეს ილუზიები, რომ ქუჩაში ვიდგებით და გაიქცევიან, არავინ არსად არ გაიქცევა – სანამ არ გაჩნდება ძალა, რომელსაც ექნება ხალხის მხარდაჭერა, ხელისუფლება არ შეიცვლება

აკაკი ბობოხიძე – მგონია, რომ პარტიები ძალიან გავერთეთ ქვეყნის შიგნით მიტინგების დაორგანიზებით, რომელიც სინამდვილეში თავისთავად ორგანიზდება – ჩვენ გვაქვს სხვა სფერო, სადაც ვართ შეუცვლელები, ეს არის პარტნიორებთან მუშაობა