4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი, როინ ხინთიბიძე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.
როინ ხინთიბიძის განმარტებით, საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარონ და მტკიცებულებები უდავოდ ცნონ. მისივე თქმით, თუ მსგავსი რამ მოხდება, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ამის შემდეგ იმსჯელებს.
„საპროცესო შეთანხმების წინაპირობა არის ის, რომ ბრალდებულმა სრულად აღიაროს დანაშაული. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ, ბრალდებულების ნაწილმა კი დუმილის უფლება გამოიყენა, ეს კი დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს. მაგრამ, თუ შემდგომში რომელიმე ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და იმ მტკიცებულებებს უდავოდ ცნობს, რომლებსაც ბრალდების მხარე წარმოადგენს, მზად ვართ აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელოთ.
რაც შეეხება ევა შაშიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ჩვენს მიერ [პროკურატურის მხარის მიერ] დასაბუთებული იქნა, თითოეული ბრალდებულის მიმართ ის აღკვეთის ღონისძიების ფორმა, რომელიც მათ შეფარდებული აქვთ [13 – პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, ხოლო ორს გირაო]. შესაბამისად, როდესაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოხდება, ბრალდების მხარე, ასევე კიდევ ერთხელ დაასაბუთებს და დაადასტურებს, იმ აღკვეთის ღონისძიების ფორმას, რომელიც იმ მომენტისათვის იქნება მიზანშეწონილი.
რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს, მოსამართლემ თითოეულ ბრალდებულს განუმარტა მისთვის წარდგენილი ბრალდება და ბრალთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოისმინა. შემდეგი პროცესიდან კი ბრალდების მხარე მტკიცებულებათა გამოკვლევას დაიწყებს“,- განაცხადა როინ ხინთიბიძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც პროცესები მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




