სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, ჩემს ადგილზე თქვენი შვილი დააყენეთ და თავი დედაჩემის ადგილას წარმოიდგინეთ – თქვენს გადაწყვეტილებას მთელი სოფელი ელოდება, – ასე მიმართა მოსამართლეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა გენადი კუპრეიშვილმა.
კუპრეიშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ არ მიიმალება.
„მე ვარ სენაკიდან. დედა მყავს პენსიონერი. ბანკიდან გამოტანილი აქვს 5 ათასი ლარი. ამ ფულს მე ვიხდი. თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება. სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, ჩემს ადგილზე დააყენეთ თქვენი შვილი და თავი დედაჩემის ადგილას წარმოიდგინეთ. თქვენს გადაწყვეტილებას მთელი სოფელი ელოდება.
არ ვიცი, ვერ გეტყვით, მშვიდობიან აქციაზე წავალ თუ არ წავალ, მაგრამ მიმალვით არ მივიმალები”, – მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს.
