4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კახაბერ მჟავანაძე და სხვა დაკავებულები საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას მოითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. კერძოდ, იკითხებიან ექსპერტები.
სასამართლო პროცესს არ ესწრებიან ბრალდებულები. მათ გასულ სხდომაზე 4 ოქტომბრის მოვლენებზე პრემიერ-მინისტრის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვეს მის მიერვე გაკეთებული განცხადების გამო. ბრალდებულების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი არ გამოიკითხება, სასამართლოს 2 სხდომას არ დაესწრებოდნენ.
„ვითხოვთ, სასამართლოს წინაშე წარსდგეს პრემიერი , რომელმაც წინასწარ დააანონსა, რომ იქ დაგხვდებათ სიურპრიზებიო. მოვითხოვთ, კობახიძე იქნეს გამოკითხული სასამართლოზე და დაასაბუთოს, რა სიურპრიზი გველოდებოდა ჩვენ იქ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცოდით. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას მომდევნო ორ სხდომაზე“, – განაცხადა გასულ სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა კახაბერ მჟავანაძემ.
ამასთან, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საქმის ორი ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა და მერაბ წკრიალაშვილი 100-100 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესი, რომელიც 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, აღნიშნული ორი ადვოკატის დაგვიანების მიზეზით, გვიან დაიწყო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის მდივანს ორივე ადვოკატთან ჰქონდა კომუნიკაცია, ისინი პროცესზე დროულად მაინც არ გამოცხადდნენ, რაც სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია და გიორგი ჭოჭუა და მერაბ წკრიალაშვილი დააჯარიმა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათი საქმეები 5 ეპიზოდად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბრალდებულ 15 პირს – გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.