მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს, პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ნადირაძეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერ პაატა მაჯგალაძეს და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს პროკურატურა ბრალს ხვალ, 6 ოქტომბერს, 10:30 საათზე წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ხუთივე პირი გასულ ღამეს 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დააკავეს.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაკავებულებს “ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა”.
მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.