4 ოქტომბრის აქციის კიდევ 6 მონაწილეს შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ექვსივე ბრალდებულს:
· ნანა სანდერს
· გოჩა ყატაშვილს
· საბა კორძაიას
· სულხან აბრალავას
· ბექა ქელეხსაშვილს
· გიორგი კირვალიძეს.
გოჩა ყატაშვილის ადვოკატმა თამაზ გურაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 8 ოქტომბერს დააკავეს – მომხდარიდან 4 დღის შემდეგ და ის ამ დროის განმავლობაში არსად მიმალულა.
„პირველად იყო იმ აქციაზე საერთოდ მისული… როგორ შეიძლება ყველა იქ მისულ ადამიანს ყველას ერთნაირი განზრახვა ჰქონოდა… და პროკურორი ყველასთვის ერთნაირად ითხოვს უმკაცრესი ზომის – პატიმრობის გამოყენებას. ეს სამართლიანი არ იქნება“, – თქვა ადვოკატმა.
გიორგი კირვალიძის ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოკრივეა, მთელი ცხოვრება კანონიერი გზითა და სპორტით იცხოვრა.
ყურუას თქმით, შეუძლებელია, რომ ადამიანი მიიმალოს, როდესაც ის თავად გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. ყურუას თქმით, თუკი აღკვეთის ღონისძიება აუცილებლად არის შესაფარდებელი, მაშინ ეს უნდა იყოს გირაო, მინიმალური ოდენობით.
სულხან აბრალავას ადვოკატის, ქეთი ავლოხაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასოდეს ყოფილა არცერთ აქციაზე.
„მთელი ცხოვრება კანონმორჩილად იცხოვრა“ – თქვა ადვოკატმა.
მან ასევე გამორიცხა მტკიცებულებების განადგურება. „ის [აბრალავა] ერთადერთი მარჩენალია ოჯახის და მცირეწლობანი შვილიც მის კმაყოფაზე ცხოვრობს“ – ადვოკატი ავლოხაშვილიც, მაქსიმუმ, გირაოს შეფარდებაზე იყო თანახმა.
ბექა ქელეხსაშვილის ადვოკატი ამბობდა, რომ „საქმეში წარმოდგენილი ყველა მოწმე არის სამართალდამცველი ან ადმინისტრაციის თანამშრომელი და მათზე ზემოქმედება გამორიცხულია“.
ადვოკატი ასევე გამორიცხავდა მიმალვას ან განმეორებითი დანაშაულის ჩადენას.
პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი ამბობდა, რომ არსებობს „ყველა ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი“, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოთ.
მისი თმით, არსებობს საფრთხე – „ბრალდებულებმა კვლავ ჩაიდინონ დანაშაული, გაანადგურონ მტკიცებულებები“. ხაზი გაუსვა „მიმალვის საფრთხეს“.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მათ პატიმრობა შეუფარდა.
მანამდე კი ერთ-ერთი ბრალდებული, ნანა სანდერი დარბაზიდან გააძევა.
წინასასამართლო სხდომა 2025 წლის 27 ნოემბერს 15:00 საათზე დაინიშნა.
4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის ს დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა.
მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს.
რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით.
უწყების ცნობით, დაკავებული არიან ორგანიზატორები, ასევე მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.
ამ საქმეზე ჯამში 44 ადამიანია დაკავებული.
· მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები – პაატა ბურჭულაძე, , მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე;
· 6 ოქტომბერს დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
· 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე;
· 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი.
· 9 ოქტომბერს კი სიას კიდევ რვა დემონსტრანტი დაემატა.