ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 12 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე მეია მელქაძე იხილავს.
12 ბრალდებიდან სხდომას 10 ესწრება. ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ფიცხელაურის მიერ პენიტენციური დაწესებულიდან წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, მან უარი განაცხადა დღევანდელ პროცესში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ მის უფლებებს პროცესზე ადვოკატი დაიცავდა. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ანტონ უპერს, როგორც სასამართლო სხდომაზე ითქვა, ის ძებნაშია.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ამასთან, გადაისინჯება დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. ასევე, გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.
ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




